ზვავსაშიშროების გამო მგზავრები სასტუმროებში გადაიყვანეს, სამაშველო მობილიზებულია

კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია. არსებული საშიშროებიდან გამომდინარე, ავტოკოლონაში მოყოლილი ბავშვები, მშობლებთან ერთად, სასწრაფო წესით საოჯახო სასტუმროებში გადაანაწილეს.

​როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

„მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს. ავტოკოლონის არასრულწლოვანი მგზავრები, მშობლებთან ერთად, საოჯახო ტიპის სასტუმროში არიან გადაყვანილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მათ ცხელი საკვები ჩაუტანეს. დღეს, ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება, დღის მეორე ნახევარში, ჟინვალის ტერიტორიაზე 50 კაცზე გათვლილი კარავი განთავსდეს, სადაც მგზავრები გათბობას და ცხელი საკვების მიღებას მოახერხებენ“ – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

ამ ეტაპზე, გზის გასახსნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.

მსგავსი თემები