ზაზა ხატიაშვილი: მხარს დავუჭერ სამართლიან სასამართლოს, მურუსიძეების და ჩინჩალაძეების გარეშე

ამ წუთებში მიმდინარე ადვოკატთა კორპუსის რიგგარეშე სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, მათი შერჩევის კრიტერიუმები და მართლმსაჯულებაში არსებული სხვა გამოწვევები განიხილება. უფლებადამცველები, დისკუსიის ფორმატში, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, იუსტუციის საბჭოს მუშაობასა და უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ 10 კაციან სიაზე მსჯელობენ.

როგორც ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში აზიანებდნენ მართლმსაჯულების სისტემას, ამ სისტემას უნდა ჩამოშორდნენ.

„გამოსავალი არის იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და აზიანებდნენ მართლმსაჯულების სისტემას, უნდა გადადგნენ თანამდებობიდან.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ მათ ამ ხნის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის საზიანო იმდენი მტკიცებულება დადეს, რომ უკვე საკმარისია, – წაბრძანდით სახლში და მოვლენ კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ სწორ პროცესს, სწორ პოზიციას!

მანამ, სანამ ეს ადამიანები არიან საბჭოში, არანაირ კრიტერიუმზე, არანაირ პროცედურაზე მსჯელობას აზრი არ ექნება“, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის შეფასებით კი, სამართლიანი სასამართლოს გარეშე, ქვეყნის განვითარება შეუძლებელია:

„უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო. სამართლიანი სასამართლოს გარეშე, არ არსებობს ქვეყნის განვითარება, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ისეთ ტექსტს, რომელიც საქართველოს ბოლოს და ბოლოს, მისცემს სამართლიან მართლმსაჯულებას, სამართლიან სასამართლოს!

მურიუსიძეების და ჩინჩალაძეების მონაწილეობით, სამართალი არ არსებობს და სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს.

ამიტომ მე დღეს მხარს დავუჭერ სამართლიან სასამართლოს მურუსიძეების და ჩინჩალაძეების გარეშე“, – აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.

შეხვედრის დასასრულს, უფლებადამცველები შეიმუშავებენ ერთობლივ რეზოლუციას, სადაც გაწერილი იქნება ის კრიტერიუმები, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

მსგავსი თემები