„ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა“ – ირაკლი სესიაშვილი

“მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. ცხადია, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა.“-ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილი იმ მოვლენებს გამოეხმაურა, რასაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

„იგივე გირგვლიანის საქმის გაყალბება, “იმედის” ქონების მიტაცება, გელაშვილის ცემის ფაქტი და ა.შ. მათ სამწუხაროდ, არ აქვთ განცდა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს და ამ დანაშაულებზე ელემენტარულად ბოდიში მოიხადონ და ქართულ საზოგადოებას თვალებში ჩახედონ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, მათი სტილი როგორც ჩანს, არ იცვლება.

„მე ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა. დანარჩენს ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებში გასცემს პასუხს. ის დანაშაულები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა მთავარი შემოქმედის მონაწილეობით ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, ხალხი ვერ დაივიწყებს. მეტიც, მათ ამ დანაშაულების განცდის უნარი და მზაობა არ აქვთ. შესაბამისად, ცხადია, ისინი ექცევიან ისევ იმ გარემოსა და პოლიტიკურ იდეოლოგიაში, რომლის მთავარი ხერხია როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ აურიონ სიტუაცია და დაუბრუნდნენ ძალადობას. ასეთ წარსულს არ დავუბრუნდებით! გვამების მოთხოვნის, რუსთაველზე სისხლიანი ადამიანების დაყრის და სხვა მძიმე დანაშაულების დრო და ადგილი ამ ქვეყანაში დასრულდა!” – განაცხადა სესიაშვილმა.

მსგავსი თემები