ვიდეომასალა, რომელსაც თარაშ მუკბანიანი ემსხვერპლა, მსოფლიო ჩემპიონი კი ციხეში აღმოჩნდა (ვიდეო)

“საქმეში იმდენი მტკიცებულება არსებობს და ვიდეოკმერითაა აღბეჭდილი რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა, სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, რამაზ დევაძე არც უნდა დაეჭირათ” – აცხადებს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.  

ადვოკატმა, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თარაშ მუკბანიანის მხრიდან, კლუბში დაწყებული ინცინდენტი.

„არსებული კადრებიდან და მტკიცებულებებიდან კარგად ჩანს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და არა განზრახ მკვლელობა. რამაზ დევაძე გარდაცვლილ მუკბანიანს არც კი იცნობდა და მასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ამბავი კი შემდეგნაირად განვითარდა: როგორც კამერებში ჩანს, თარაშ მუკბანიანი, კლუბში მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. კლუბში გასართობად მისულ მუკბანიანს, რომელიც იქ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თან ჰქონდა სამსახურეობრივი იარაღი. კლუბში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო. როცა ის მეგობარ გოგონასთან ერთად ცეკვავდა,  ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, გავლისას, გოგონას ოდნავ შეეხო, ხელი მიედო, რაც კადრებში ჩანს. ამის შემდეგ, მუკბანიანთან მყოფი გოგონა მას  ყურში რაღაცაც უჩურჩულებს,  „იმ მამაკაცს“ თვალს გააყოლებენ და მისი მიმართულებით მიდიან. მუკბანიანი იღებს იარაღს და ამ მამაკაცს შუბლზე ადებს. ამის მერე იწყება გაწევ-გამოწევა.

ამ დროს, კლუბში შედის რამაზ დევაძე. მუკბანიანი ისვრის, ტყვია ხვდება 4 ადამიანს, ოთხივე დაიჭრა, ერთ-ერთს კი თითი მოწყვიტა. ხალხი გარბოდა. რადგანაც რამაზ დევაძე იყო მოჭიდავე და ჰქონდა ძალა, კი არ გაიქცა, შეეცადა, მუკბანიანი შემთხვევის ადგილიდან გაეყვანა, ის საქმეში ჩაერია როგორც გამშველებელი, რომელიც ხედავდა, რომ მუკბანიანი ისროდა და ადამიანები დაიჭრნენ. მან, ძალის გამოყენებით მოახერხა მისი ქვედა სართულზე ჩაყვანა, ის კიდევ ისროდა და რამაზ დევაძე შეეცადა, მისთვის იარაღის წართმევას. რადგანაც მუკბანიანმა რამდენჯერმე ისროლა, იარაღში კიდევ იყო ტყვია და ის იყო გადატენილ მდგომარეობაში, რა დროსაც იარაღი გავარდა და მოხვდა მუკბანიანს“ – განაცხადა ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვიდეომასალის ჩვენებისას.

მისი თქმით, ეს არის ის რეალობა, რომელიც ამ კადრებშიცაა ასახული. შესაბამისად ეს არ იყო განზრახული მკვლელობა და რამაზ დევაძეს არანაირი კრიმინალური წარსული გააჩნია და არც კრიმინალური სამყაროს წევრია.

„ის არის წესიერი კაცი, წესიერი ადამიანი, წარმატებული სპორტსმენი, რომელის ცხოვრებაც იმ კონკრეტული ტრაგიკული დღის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. სუფთა წარსულის ადამიანი მოხვდა ციხეში და დღეს მის მიმართ ისმის არარსებული შეფასებები და ბინძური კამპანია“ – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ დევაძე არის მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში; მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში; ევროპის პრიზიორი ჭაბუკებში და მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი.  

https://www.youtube.com/watch?v=LC-dTntlI9U&feature=youtu.be

მსგავსი თემები