ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი შეიცვალა და მშენებლობა გაჭიანურდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი სატრანსპორტო ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

მერის თქმით, ესტაკადის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი, პროექტის ცვლილებაა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა. ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მისი თქმით, სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა შეძლებს, აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.  

მსგავსი თემები