ვაჟა-ფშაველას გამზირზე მეტროს შახტი მოწესრიგდება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა, შახტი არსებულ გზაგამყოფ ზოლში გადავა და მოწესრიგდება, ძველი შახტის ადგილზე კი საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.   

„გზის სავალ ნაწილზე შახტის არსებობა სერიოზული პრობლემა იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ გზით სარგებლობს. დაახლოებით, 20-25 წელია, აღნიშნული ტერიტორია ამ მდგომარეობაშია. გვინდა, მეტროს შახტი მოვაწესრიგოთ და საავტომობილო გზა გაიხსნას, რათა მძღოლებმა შეუფერხებლად იმოძრაონ. გარდა ამისა, ამ ადგილზე შახტის არსებობა ფეხითმოსიარულეთათვისაც პრობლემას წარმოადგენს.  შახტს გადაიტანენ აქვე, გზაგამყოფ ზოლში, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს. ამის შემდეგ გამყოფი ზოლი გამწვანდება, სავალი გზა კი ყველანაირად მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს, 1 084 675 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება.  

მსგავსი თემები