ე.წ. კადეტთა კორპუსი დანგრევის პირასაა – რატომ აჭიანურებს მერია ისტორიული შენობის რეაბილიტაციას 

თბილისის ერთ-ერთი ისტორიული ნაწილში, კერძოდ თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩაზე ე.წ კადეტთა კორპუსის მცხოვრებლები  მზადყოფნას გამოთქვამენ ხელი მოაწერონ ყველა დოკუმენტს, რომელიც კორპუსის გადასარჩენად და მობინადრეთა სიცოცხლის დასაცავად იქნება საჭირო.

როგორც MCM -ს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ დედაქალაქის მერიასთან რაიმე შეთანხმების მიღწევას. არა ერთი თხოვნის და ოფიციალური განცხადებით მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა შეხვედრა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან. რეაგირების გარეშეა მთაწმინდის რაიონის გამგეობაში შეტანილი ყველა განცხადება და მობინადრეები დღემდე ელოდებიან ოფიციოზისგან პასუხს, როგორ შეიძლება მოგვარდეს „კადეცკი კორპუსის“ პრობლემა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემაზე ისაუბრა და საყვედური გამოთქვა იმ ადამიანების მისამართით, ვინც ქალაქის მერიას კონკრეტული გადაწყვეტილებების განხორციელებაში ხელს უშლის, მაგალითის სახით კი რ.ლაღიძის ქუჩის N2-სა და რ. თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაასახელა:

„ადამიანები გამოდიან და გვაკრიტიკებენ, რატომ არ უფრთხილდებით ისტორიულ ძეგლებსო. კონკრეტული მაგალითი მაქვს: მივდივართ “კადეტთა კორპუსთან”, ისტორიული კორპუსია მთაწმინდაზე, რომელიც არის კატასტროფულ, ავარიულ მდგომარეობაში, შეიძლება დაინგრეს. მივდივართ და ვეუბნებით, ეს არის სარეაბილიტაციო. ჩვენ რეაბილიტაციის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, რადგან ისტორიული ძეგლია, იერსახე შევუნარჩუნოთ. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც არაკანონიერი მიშენებები აქვთ, ვეუბნებით, რომ ძეგლის ფარგლებში ეს უკანონობები უნდა მოიხსნას, ძეგლს უნდა მიეცეს სახე, მაშინვე ექმნებათ დისკომფორტი და იწყება წინააღმდეგობა. ეს როგორ შეიძლებ?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სახლის მცხოვრებლები თბილისი მერს ტყუილში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერიის დაუდევრობის მათთვის გადაბრალება უსამართლობაა.
​მათივე თქმით, „კადეტთა კორპუსს“, როგორც ორი საუკუნის წინ აშენებულ ნაგებობას, მინიჭებული აქვს კულტური ძეგლის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ობიექტზე ყველა მოქმედებას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“კანონი არეგულირებს.

იმისთვის, რომ თბილისის მერიამ დაიწყოს შენობის რეაბილიტაცია, რომელიც მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, კანონით, საჭიროა მობინადრეების 100%-იანი თანხმობა, ან  სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, კანონის აღსრულება! კანონში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.“
მუხლი N30-ის, 5-ე პუნქტის თანახმად, თუ მესაკუთრე ვერ ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, მიმართოს სასამართლოს და მესაკუთრის ნებართვის გარეშე მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა/რეაბილიტაცია.
“კანონის მიხედვით, მერია ვალდებულია, შენობაზე მუდმივად განახორციელოს მონიტორინგი და მოსახლეობისგან სავარაუდო წინააღმდეგობის შემთხვევაში, სასამართლოს დახმარებით მიაღწიოს სავალდებულო თანხმობას. კანონით მინიჭებული ეს უფლება მერიამ წარმატებით გამოიყენა აღმაშენებლის გამზირის, კოლმეურნის მოედნის და სხვა ობიექტების რეაბილიტაციის შემთხვევაში. „კადეცკი კორპუსის“ მცხოვრებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, ხელი მოაწერონ ყველა დოკუმენტს, რომელიც კორპუსის გადასარჩენად იქნება საჭირო”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, არაერთხელ მიმართეს “თბილისის განვითარების ფონდსაც”. 2016 წელს შეტანილი განცხადების საპასუხოდ კი, გუშინ 2018 წლის 29 მარტს, მიიღეს პასუხი, რომ თუ მოსახლეობის 100% -იანი თანხმობა იქნება, „ფონდი 2019-2020 წლისთვის დაიწყებს შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიებაზე მუშაობას“ – რაც ნიშნავს, რომ უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფო 2 წელიწადში დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სახლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ „კადეცკი კორპუსი“ კიდევ 2 წელიწადს ვერ გაძლებს, რადგან სახლი ყოველ დღე ინგრევა; ყოველდღიურად მატულობს ბზარები, ცვივა შენობის ფრაგმენტები და დაზიანებულია საყრდენი კედლები, რაც საფრთხეს უქმნის 80 ოჯახის სიცოცხლეს.
აღსანიშნავია, რომ ნაგებობას მინიჭებული აქვს VI კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი. არსებობს თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნაც.

“რეალური პრობლემა არის ის, რომ მერიას „კადეცკი კორპუსის“ სარეაბილიტაციო თანხები გათვალისწინებული არ აქვს ბიუჯეტში არც წელს და არც მომავალი ორი წლის განმავლობაში, მერი კალაძე კი ცდილობს, პრობლემა მოსახლეობას გადააბრალოს და პასუხისმგებლობა მოიხსნას. ამ ეტაპზე ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, თბილისის მერიამ გამოძებნოს შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსები და შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს სამუშაოები, ან არა, მოხსნას ძეგლის სტატუსი და შესაძლებლობა მისცეს მოსახლეობას, თვითონ მიხედონ თავიანთ საკუთრებას”, – აცხადებენ სახლის მცხოვრებლები.

 

მსგავსი თემები