„ეჭვი მაქვს, რომ ეს არის მკვლელობა“ – ვახო ახვლედიანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გუშინ დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ გიორგის სავარაუდოდ აქვს მიყენებული დარტყმა  ბლაგვი საგნით და ეს არაა ბუჩქი და არის უფრო ძლიერი, რამაც გამოიწვია ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა განაცხადა.

მზია ქასრაშვილი იმ დეტალებზე საუბრობს, რაც ტრაგედიის ღამეს მოხდა. ქასრაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაყოლს იხსენებს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გაქცეულ ახალგაზრდებს მუქარის შეძახილებით რამდენიმე ადმიანი მისდევდა.

„მანქანის გამოჩენის შემდეგ, მირბის გიორგი შაქარაშვილი, მიდის ძალიან სწრაფი ნაბიჯით, ვიდრე ხიდის ქვეშ მოხვდებოდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ უკან მისდევდა მათ, მძიმე სუნთქვით და გინებით რამდენიმე ადამიანი, მან ჩაჭრა ციცაბო და გადავიდა გზაზე, ბუჩქებში და ორი ნაბიჯი, რომ გადაედგა ის უკვე არაგვში იქნებოდა, როგორც ყვება ჩასრიალდა და ბუჩქებს მოკიდა ხელი, მთლიანად დაკაწრულია, მისი მონაყოლითვე იქ იყო 30 წუთი და ესმოდა ხმები „სად წახვედით“ ეს ადამიანები ეძებდნენ გაქცეულ ბავშვებს, როდესაც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაჭრა გზა და გადავიდა მეორეხარისხოვან გზაზე გიორგი ამ როს დაკარგა, რადგან გიორგი მასზე წინ გარბოდა, აი აქედან უკვე იკარგება კვალი,“ – განაცხადა მზია ქასრაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები