„ე.წ პოლიტპატიმრების თემაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია“ – ზვიად ძიძიგური

„დისკუსიაში, შეთანხმებაში და გარიგებებში „კონსერვატორებს“ მონაწილეობა არ მიგვიღია და არც ახლა ვაპირებთ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ძიძიგური თვლის, რომ ე.წ პოლიტიკური დაპატიმრებები ბევრ ეჭვს იწვევს, თუმცა იმაზეც საუბრობს, რომ გიგი უგულავას კანონთან პრობლემები ჰქონდა.

„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუნდაც პირწავარდნილი კრიმინალი იყოს და მოლაპარაკებებში მონაწილე პირს აკავებ, თან, როცა სასამართლო განაჩენი გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც ბრალდების წარდგენის მომენტში პროკურორი იყო, ეს იწვევს გარკვეულ ეჭვს და ის, რომ ევროპარლამენტარებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა  პოლიტპატიმრები ახსენეს არაერთგზის და ეს ითქვა ოქრუაშვილი, უგულავა, რურუასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გამოიწვია ნეგატიური დამოკიდებულება, მე არ მახსოვს ასე ხშირად ეხსენებინოთ დასავლელ პარტნიორებს სიტყვა პოლიტპატიმრები.

მე მაგალითად, როდესაც ციხეში ვიჯექი, ჩვენზე ამერიკის დეპარტამენტმა დაწერა, რომ პოლიტიკური  ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები არსებობენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ უგულავას კანონთან და სისხლის სამართალთან აქვს პრობლემა, მაგრამ, როცა მას წინასაარჩევნოდ აკავებ ეს არის ხელისუფლების შეცდომა,“ – განცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები