“ექიმის ხარჯზე საკუთარი საგარეო პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა ლამაზი ნამდვილად არ არის” – რუსი პოლიტოლოგი

რუსი პოლიტოლოგი, ნიკოლაი სილაევი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ეხმაურება.

ნიკოლაი სილაევი ამბობს, რომ ექიმი ხელშეუხებელი ფიგურაა და შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მისი გათავისუფლებაა. 

“ამ სიტუაციაში არ არის საჭირო ვეძებოთ რთული პოლიტიკური ანგარიშები იქ, სადაც აშკარად ჩანს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური შეცდომა. და ეს შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი თავი არაკეთილშობილ და არამოწყალე ადამიანებად წარმოადგინეს, შეიძლება ითქვას, ულმობელ ადამიანებადაც კი. რა დაარღვია ექიმმა და რა არ დაარღვია – ამის თაობაზე ცხინვალსა და თბილისს სხვადასხვა პოზიციები აქვთ, მაგრამ ამის გარდა, არსებობს საერთო ადამიანური დამოკიდებულება: ექიმი ხელშეუხებელ ფიგურას წარმოადგენს. ექიმის ხარჯზე საკუთარი საგარეოპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა ლამაზი ნამდვილად არ არის. ცხადია,  სახელმწიფოს შეუძლია სხვადასხვანაირად იმოქმედოს, მაგრამ მას არ შეუძლია აშკარად და საჯაროდ მოახდინოს უპატივცემლობა ელემენტარული მორალის ნორმებთან მიმართებით. ხოლო მორალის ელემენტარული ნორმების მიხედვით, ექიმი ხელშეუხებელია.

მან საზღვარი დაარღვია? შეადგინე ოქმი და გაუშვი. ეს რეპუტაციის საკითხს წარმოადგენს, რომელიც კიდევ ერთხელ შეილახა. ახლა, ყოველი ახალი ნაბიჯი იმ შეცდომას აღრმავებს, რაც უკვე დაშვებულია. ერთადერთი გონივრული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან ექიმის გათავისუფლებაა“, – ამბობს ნიკოლაი სილაევი.

რუსი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ცხინვალის მოკავშირე რუსეთია და გარკვეულწილად პასუხისმგებელია იმ ქმედებებზე, რასაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ აკეთებს.

“ყველამ იცის, თუ ვინ არის ცხინვალის მფარველი და მოკავშირე… ანუ გამოდის, რომ მოსკოვი საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაშია ჩავარდნილი, „ჩანგალზეა დაკიდული“. რუსეთის ფედერაცია თუნდაც არა დე-იურედ, მაგრამ დე-ფაქტოდ, რეპუტაციული თვალსაზრისით, მაინც პასუხისმგებელია იმაზე, რასაც სამხრეთ ოსეთის „კაგებე“ აკეთებს. გამოდის, რომ რუსეთის ბრალიც გამოიხატება იმაში, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორი თვით არის დაკავებული. თავის მართლების ყველა ვერსია მოსკოვისათვის წამგებიანია: დავუშვათ, მოსკოვს სიტუაციის ასეთი განვითარება არ სურდა, მაგრამ განა მას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა ცხინვალზე, ფორმალურად ან არაფორმალურად? ერთი ტელეფონის ზარი მოსკოვიდან საკმარისი იქნებოდა. ანუ რუსეთისათვის ეს ფაქტი არასასიამოვნოა. მე არ ვიცი, რატომ ვერ აცნობიერებენ ამას ცხინვალში…  ეს ისტორია იმითიც არის წამგებიანი ცხინვალისათვის, რომ მისი კონვერტირება შეუძლებელია. გარდა ამისა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საგარეო მოხმარებისთვისაც არ გამოდგება, ვთქვათ, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ რომ წნელისის პოსტის გაუქმება მოითხოვო. ეს ისტორია, უბრალოდ, ძალზე საეჭვო სიუჟეტად დარჩება იმის დამადასტურებლად, თუ როგორ დონეზე მართავს ხელისუფლება რესპუბლიკას,“ – აღნიშნულია ინტერვიუში. 

მსგავსი თემები