პაციენტისთვის ზედმეტი მედიკამენტის გამოწერისას ექიმს განმარტებებს სამინისტროში მოთხოვენ

ექიმის დანიშნულების გადასამოწმებლად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედებული ელექტრონული სისტემით ამ დრომდე არავის უსარგებლია​.

როგორც  სამინისტროში განმარტავენ, ექიმის დანიშნულების გადამოწმების სისტემის მეშვეობით, მოქალაქეებს ხუთი და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს სპეციალური ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, საკუთარი დანიშნულება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს გადაუგზავნოს. ექიმის დანიშნულებას, ჯანდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია შეამოწმებს და ადრესატს პასუხს სამ დღეში გასცემს.

​იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პაციენტს ზედმეტი მედიკამენტი აქვს გამოწერილი და ექიმი დანიშნულებას ამის შემდეგაც არ შეცვლის, პირს შესაძლებლობა აქვს რეცეპტი სამინისტროში ხელახლა გაგზავნოს, რის შემდეგაც ექიმს განმარტებების მიცემა უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოუწევს.

მათივე ინფორმაციით, წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.
ახალი ელექტრონული სისტემა 16 ივლისს ამოქმედდა.

მსგავსი თემები