ექიმის შეურაცხყოფა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება

ექიმის შეურაცხყოფა და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

სამედიცინო საქმიანობის დროს დაუშვებელი იქნება ექიმის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა. ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავენ.

კანონპროექტით, დასჯადი იქნება ასევე ექიმზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა. ცვლილებით კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები ჩნდება.

ამ ეტაპზე კი, ექიმზე ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი „სისხლის სამართლის კოდექსის“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით განიხილებოდა.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე საგრძნობლად მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა..

„ექიმი, რომელიც იმყოფება ნებისმიერი სახის ძალადობის ქვეშ შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს. მაშინ, როდესაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება წყვეტს, შეშინებული ან ძალადობის ქვეშ მყოფი ექიმი ვერ იქნება კარგი მშველელი, ვერ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ვერ გაუწევს პაციენტს სათანადო სამედიცინო მომსახურებას“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, ელგუჯა გოცირიძე, კობა ნარჩემაშვილი, მარიამ ჯაში არიან.

მსგავსი თემები