“ეს იყო ძალიან პირადული ვიდეო, რომელიც ჩემმა რძალმა ნახა“ – დავით ჭიჭინაძის დაკითხვა დასრულდა

შსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩვეულებრივი პროცედურები იყო და სამართალდამცველებს სწორედ ის ინფორმაცია მიაწოდა, რაზეც მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში საუბრობდა.

დეპუტატის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დაკითხვაზე მისი მეუღლეც დაიბარეს. როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მისი მეუღლე რძალს გაჰყვა შსს-ში.

„გამოკითხვა დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული. ვუთხარი ის, რასაც მთელი დღეა, ვამბობ – გამოიძიონ. მივაწოდე ფაილი და ამოიღეს ის ფაილი. მეუღლე არ ყოფილა დაბარებული. ჩემს რძალს მოყვა. რძალი დაიბარეს, რადგან მის ფეისბუქზე ამოვარდა ის ბინძური ვიდეო. მე ფეისბუქის მომხმარებელი არ ვარ. ერთ-ერთ ჯგუფში ჩააგდეს, რომლის წევრიც ჩემი რძალია და მან მომიყვა“, – განუცხადა დეპუტატმა „მთავარს“.

კითხვაზე, რა ტიპის იყო ვიდეო, რომელიც ეკა ბესელიას უკავშირდებოდა, დეპუტატმა გვითხრა, რომ ის იმ ტიპის იყო, როგორიც ადრე სხვებზე გავრცელებულა: „ვიდეო ჩემმა რძალმა ნახა. მე რად მინდა მისი ყურება, უბრალოდ, მან მითხრა რაც იყო. ეს იყო ძალიან პირადული ვიდეო, პირადი ცხოვრების ამსახველი იმ ტიპის, რაც ადრე ვრცელდებოდა და რაც საშინელი საქციელია“.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო

მსგავსი თემები