“ეს იყო სუს-ის მიერ მოწყობილი” – კვიციანი პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ემზარ კვიციანი, პარლამენტის წინ მასზე თავდასხმის მიზეზად წინა დღეს გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს, სადაც, მისი თქმით, მან სუს-ი და მისი ხელმძღვანელი გააკრიტიკა.

როგორც კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ინციდენტი სუს-ის მიერ იყო მოწყობილი.

“ჩემი განცხადებების შემდეგ, სადაც მე სუს-ი და მისი ხელმძღვანელი გავაკრიტიკე, ეს ინციდენტი რომ მოხდა, ამას ერთმანეთთან ვერ აკავშირებთ? ეს იყო სუს-ის მიერ მოწყობილი. ჩემს მიერ დევნა არის ყველგან, სასამართლოდან, პროკურატურიდან, მათ შორის, ჟურნალისტებისგანაც. პარლამენტთან მოიყვანეს ცხვრები და იძახდნენ, ცხვრები ხართ, ვინც მთავრობას ხმა მიეცითო. მე მთავრობისთვის ხმა არ მიმიცია, რას მერჩოდნენ?!

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანია, რამე გავაკეთებინოთ ამ ხელისუფლებას, რომ დავიბრუნოთ ტერიტორიები, აფხაზები და ოსები. რუსეთში ზის ქართველი იგორა გიორგაძე, მოღალატე, რომელსაც არ ეხებიან. რომელსაც თავისი ჯგუფი ჰყავს აქ ბოკერიას ხელმძღვანელობით, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთთან არ დააკავშირონ, არ მოილაპარაკონ და ტერიტორიები არ დაბრუნდეს. ამას ემსახურებიან და ატყუებენ ახალგაზრდებს”, – განაცხადა კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

კვიციანის თქმით, არანაირი თმენის ვალდებულება არ აქვს, როდესაც მას აგინებენ და აფურთხებენ. 

“მე ღირსეული დეპუტატი ვარ და აქამდე ჩემი ცხოვრებით მოვედი”, – დასძინა კვიციანმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანსა და მოძრაობა “სირცხვილიას” მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულის სს საქმე.

მსგავსი თემები