„ეს არ არის ფულის კეთებისა და მევახშეობის დრო, ეს არის სოლიდარობის დრო“ – დეპუტატი კერძო სკოლებზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლების წუხილს ეხმიანება და აცხადებს, რომ კერძო სკოლებმა ფულის კეთების ნაცვლად გვერდში დგომა და სოლიდარობა უნდა გამოხატონ. საუბარია არსებულ ვითარებაზე, როცა კერძო სკოლები მოსწავლეებს შეღავათებს არ უკეთებენ და სწავლის საფასურს სრულად ახდევინებენ.

„ბუნებრივია, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გარკვეული მიდგომა და რეკომენდაციები კერძო სკოლებთან დაკავშირებით. არ შეიძლება სფეროების პრივატიზება. დღეს, ჩვენ არ ვართ იმ რეჟიმში, რომ ბიზნესი თავისუფალია და საბაზრო ეკონომიკა ვაქვს. საბაზრო ეკონომიკა დამთავრდა, მორჩა. სხვანაირად უნდა ვიაზროვნოთ. ბუნებრივია, მოუწევთ მშობლებს კერძო სკოლებიდან საჯაროში გადაყვანა თუ კერძო სკოლები მიდგომებს არ შეცვლიან. ეს მაგალითი უნდა იყოს ზეწოლა კერძო სკოლებზე. იმედია, გაათვითცნობიერებენ ამას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ფულის კეთების და მევახშეობის დრო, ეს არის სოლიდარობისა და ერთმანეთთან გვერდში დადგომის დრო. განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ კერძო სკოლის მოსწავლეთა მშობლები მოსწავლეების საჯარო სკოლაში გადაყვანაზე ფიქრობენ, რადგანაც, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლები მათ სწავლის საფასურს ისევე ახდევინებენ, როგორც ადრე.       

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები