“ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის” – თალაკვაძე კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

“მმართველ გუნდმა, ხელისუფლებამ უზრუნველყო კონსტრუქციული გარემო და სამუშაო პროცესი,  ყველაზე რთულ საკითხებზეც კი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო, განხილვები და პოლიტიკური კონსულტაციები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს და ამ დროს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ასეთი მიუღებელი ფაქტი ხდება – აგრესია და ფიზიკური თავდასხმა ვანო ზარდიაშვილზე მიუღებელია და დამაზიანებელია პარლამენტის იმიჯისთვის. ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

არჩილ თალაკვაძე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, ზუგდიდში იმყოფება, მომხდარში გარკვევას თბილისში დაბრუნებისთანავე გეგმავს. მისი თქმით, ის, რაც დღეს კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ლახავს პარლამენტის ღირსებასა და ცუდ მაგალითს აძლევს მომავალ თაობას.

„არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა – რეალურად იქ იყო ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა და აგრესია, რასაც ცალსახად ვგმობ. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავერკვევი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება. იქნება სათანადო რეაქციებიც. რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ეს ლახავს პარლამენტის იმიჯს, პარლამენტის ღირსებას და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ვანო ზარდიაშვილის მიერ ნათქვამმა შეურაცხმყოფელმა ფრაზებმა ეკა ბესელია მდგომარეობიდან გამოიყვანა და სახეში ხელი დაარტყა.

მსგავსი თემები