“ეს არის სისულელე და ამაზრზენი ბრალდება” – მათიკაშვილი ბესელიას წინააღმდეგ

“ეკა ბესელია თვითონ გაიხლართა ტყუილებში,”- ასე შეაფასა, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ბრალდება, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია ცდილობს აქტუალური გახადოს საკუთარი თავი მაშინ, როცა რეალურად, დღეს მისი ადგილი პოლიტიკურ არენაზე აღარ არის.

“ესაა გაკოტრებული პოლიტიკოსის უბადრუკი მცდელობა თავის თავი დააბრუნოს პოლიტიკურ ორბიტაზე. რაც შეეხება იმ სისულელეს და ამაზრზენ ბრალდებებს, მე მზად ვარ, თუკი ამით ვინმე დაინტერესდება აბსოლუტურად ყველა კითხვას გავცე პასუხი ისევე, როგორც თვითონ ეკა ბესელიამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ზოგადად არსებობს გარკვეული კითხვები, ის თვითონ გაიბლანდა საკუთარ ტყუილებში,”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, პირები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წევრები არიან.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს პროკურატურაში გასაუბრების შემდეგ განუცხადა, მას ოთხი კონკრეტული შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია. ბესელიას განმარტებით, აღნიშნული ოთხი პირიდან ერთი მამაკაცია, თუმცა არ აკონკრეტებს, არის თუ არა რომელიმე მათგანი მინისტრი.


http://mcm.ge/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97/

მსგავსი თემები