„ეს არის პროპაგანდა და პროპაგანდის გავრცელება უნდა შეიზღუდოს“ – „პატრიოტები“ – გეი სიყვარულზე

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, რომ ფილმი, რომელიც გეი წყვილის სიყვარულის ისტორიას ეხება, ამ ცხოვრების პროპაგანდაა, რაც უნდა იკრძალებოდეს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„როგორც კანონმდებელი, არ შემიძლია გითხრათ, რომ ფილმის ჩვენება აიკრძალოს, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვთვლი, რომ ესაა პროპაგანდა და პროპაგანდის გავრცელება უნდა იყოს შეზღუდული ჩვენს ქვეყანაში“ – აცხადებს გიორგი ლომია.

დეპუტატი ამბობს, რომ ის ფილმებში ნებისმიერი პორნო სცენების წინააღმდეგია: „ერთია, როდესაც არ ერევი ადამიანის პირად ცხოვრებაში და მეორე, როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, მისი საკუთარი პირადი ცხოვრება მომახვიოს თავს. მე წინააღმდეგიც ვარ, ფილმებში იყოს გამოყენებული პორნო სცენები, რადგან,  ეს პორნოგრაფიის პროპაგანდაა“.

კითხვაზე, ამით გამოხატვის თავისუფლება ხომ არ ირღვევა, დეპუტატი პასუხობს, რომ პორნოგრაფიას გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.

„პორნოგრაფია არ არის გამოხატვის თავისუფლება, ესაა პროპაგანდა. ისიც არ მესმის, თუ ჰეტეროსექსუალები შეგროვდებიან და გახდილები ჩაივლიან, აღლუმს რუსთაველზე ჩაატარებენ თუ სხვაგან. ამასაც ვერ გავიგებ. ამიტომ, ერთია, როდესაც შენ რაღაც ცხოვრებას ირჩევ და ამ ცხოვრებით ცხოვრობ და მეორეა, როცა მის პროპაგანდას ეწევი“ – აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები