ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჯარიმა 2000 ევრომდეა

ესპანეთის მთავრობამ, დღეს დილით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლა და ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა განუცხადა, თუ ვერ დაასაბუთე, რომ შენი სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული, დაგაკავებენ.

„აქ საგანგებო მდგომარეობა დღეს შემოიღეს. ყველაფერი დაიკეტა – გასართობი, ტურისტული, სპორტული, კაფეები, რესტორნები, თითქმის არაფერი მუშაობს.  ქუჩაში სიარულიც აიკრძალა.  თუ პოლიცია  ვერ დაუსაბუთე, რომ სახლიდან შენი გასვლა გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული, დაგაკავებენ და ჯარიმას დაგაკისრებენ, რომელიც 2 000 ევრომდე მერყეობს. შესაბამისად, ყველა ერიდება სახლიდან გასვლას.

გარეთ გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი გჭირდება, თუმცა, ამისთვის სახლთან ახლო მაღაზიაში უნდა გახვიდე. , თუ პერიმეტრს გასცდები, საეჭვოდ ჩაითვლები და გაჯარიმებენ. ასევე, შესაძლებელია აფთიაქში გადაადგილება. სხვა მიზეზი თითქმის არ არსებობს. საერთოდ ცარიელია ქუჩები. შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობაც“ – განუცხადა ქართველმა ემიგრანტმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

ამ ეტაპზე, ესპანეთში 7988 ადამიანია „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებული, 294 კი გარდაიცვალა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები