“ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციის დონეა და ზომებიც ამ მიმართულებით იქნება მიღებული” – კობა გვენეტაძე

“საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონე, შესაბამისად, ზომები ამ მიმართულებით იქნება მიღებული”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ლარის კურსის პროგნოზირება შეუძლებელია.

„ჩვენ გავაკეთეთ კომენტარები, რომ ზოგადად, ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, რამაც მოახდინა გავლენა კურსზე. ვფიქრობთ, ამ სიტუაციაშიც კი მიმდინარე ანგარიში, რომელიც არის ლარის კურსის განმსაზღვრელი, იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ვპროგნოზირებდით“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის კურსისთვის კონკრეტული ნიშნული განსაზღვრული არ არის.

„რამე კონკრეტული ნიშნული ლარის კურსისთვის არ გვაქვს. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, ვიმსჯელებთ, დავამუშავებთ ინფორმაციას და ამის შემდეგ გამოვუშვებთ პრესრელიზს, სადაც ჩვენი მოსაზრებები იქნება ასახული. ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი არის ინფლაციის დონე და ჩვენი მთავარი აქცენტები და ზომები იქნება მიღებული ამ მიმართულებით. თუ ჩავთვლით, რომ მისაღებია ზომები, მივიღებთ, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს და იმოძრაოს მიზნობრივი მაჩვენებლისკენ“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, “თიბისი ბანკი” ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაციაა.

კობა გვენეტაძის თქმით, სხვა საკითხები ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის.

„თიბისი ბანკი“ ეს არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტი. ჩვენ ჩვეულებრივ რეგულაციას ვუწევთ ბანკს, როგორც სხვა კომერციულ ბანკებს. „თიბისი ბანკი“ არის ფინანსურად ჯანსაღი და კარგი ორგანიზაცია, სხვა საკითხებს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი თემები