„ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი… ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ“, – გიორგი გახარია აკაკი ბობოხიძეს

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს ყველა გადაწყვეტილება მან მიიღო და გეგმაც მან დაამტკიცა.

“ყველა ტყვია, რომელიც იყო გამოყენებული აქციაზე, შეესაბამება კანონს. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, იყო მიღებული კანონის შესაბამისად. ყველა ღონისძიების გეგმაში არსებობს კონკრეტულად გაწერილი ვის რა ფუნქცია დ არა როლი აქვს. შესაბამისად, ამ გეგმას ვამტკიცებ მე. ეს გეგმა დავამტკიცე მე”, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც მას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კითხვებს უსვამენ.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვაზე, რატომ გამოიყენებს 20 ივნისის ღამეს ნახევრად ლეტალური ტყვიები,გიორგი გახარიამ მას შეიარაღებაში არსებული არალეტალური ტყვია მიუტანა და ურჩია შეადაროს, თუ რა არის დღეს შეიარაღებაში.

დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ კი მინისტრობის კანდიდატს მიმართა, რომ ეს ტყვია ესროლათ. „ერთი მე მესროლეთ და ერთს მე ვისვრი“, – განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რაზეც მინისტრის რეპლიკაც მიიღო.

„სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა. ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ აკაკი ბობოხიძეს.

საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატთა მოსმენა ამ წუთებშიც გრძელდება.

მსგავსი თემები