„ერთეულების გარდა, ცუდად არც ერთ ადამიანს დავშორებივარ“ – ლადო კახაძე

„მე ჩემი წარსულით მოვდივარ და ძალიან მეამაყება, რომ ერთეულების გარდა, ცუდად არც ერთ ადამიანს არ დავშორებივარ”, – განაცხადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ შალვა შავგულიძესთან დებატებში.

დეპუტატობის კანდიდატი ყველას მოუწოდებს, საკუთარ თავში ჩაიხედოს და გაიხსენოს, როგორ უღალატეს ხალხს.

„იმ ერთეულებმა საკუთარ თავში ჩაიხედონ, როგორ დაანგრიეს პირობები და როგორ უღალატეს თავიანთ ხალხს, იმ პრინციპებსა და იდეოლოგიას, რომელიც არ გააჩნიათ. ამიტომ, ჩემთან ისინი დამნაშავეები არიან. მე მათ ვადანაშაულებ და ამას ხაზს ვუსვამ, თორემ მეამაყება, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებთან ვიყავი; მეამაყება, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი ვიყავი. დიახ, რაც შესაწირი იყო, დღესაც უნდა შესწირო „საქართველოს განვითარების ფონდს“. იქ იდეები კარგი იყო. იქ იყო აბსოლუტური ჭეშმარიტება“, – განაცხადა კახაძემ.

როგორც კახაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით იყო საკრებულოს თავმჯდომარე, როცა უმრავლესობას მხოლოდ იდეა კრეფდა და პოლიტიკური დაპირისპირების ველზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის თანხმობით იღებდა, რადგან ერთეულების გარდა, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს არასწორად ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრები პოლიტიკის ზემოთ იდგენენ და თბილისს ემსახურებოდნენ.

„მერე ცხოვრებამ დაამტკიცა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. თუ პირველი გუნდი 12-კაციანი იყო და აქედან ორი დარჩა „ლეიბორისტულ პარტიაში“, ათი კი გავიდა, მეორე არჩევნების შემდეგ, როცა მან მიშა სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა მიჰყიდა, 16 კაციდან 16-ვე გადავიდა მიშა სააკაშვილის გუნდში“, – განაცხადა კახაძემ.

მსგავსი თემები