ემიგრანტები საკონსულოს არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობენ და საქმეში საგარეოს აუდიტის ჩართვას ითხოვენ

საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მათ მიმართ არაჯეროვან და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფაქტების გადასამოწმებლად, საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროს აუდიტი უნდა ჩაერთოს.

საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებას, რომლითაც ემიგრანტებს პასპორტების გამოცვლა უფასოდ ეხებათ. კერძოდ, 2019 წლის 1 მაისიდან – 2019 წლის 1 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანების საფუძველზე, ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისგან (გაიცემა უფასოდ). აქცია არ ეხება 1 წლის ვადით გასაცემ პასპორტებს.

ვინაიდან საბერძნეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები ყველაზე მრავალრიცხოვნად არიან წარმოდგენილები, მინისტრის აღნიშნული აქტით ათასობით საქართველოს მოქალაქე დაინტერესდა, თუმცა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისგან სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ.

როგორც ემიგრანტებმა „მედიაცენტრ მთავარს“ შეატყობინეს, 30 ივლისის ჩათვლით, საქართველოს საელჩოში ჩაწერა წარმოუდგენელია, რადგანაც ყველა ადგილი შევსებულია. „მედიაცენტრი მთავარი“ ერთ-ერთ წერილს, რომელიც მან ათენში მცხოვრები ემიგრანტებისგან მიიღო, უცვლელად გთავაზობთ:

„საელჩოში მოქალაქეებს 9:00-საათიდან 13:00- საათამდე იღებენ. მოქალაქეების მიღება ყოველ 20 წუთში ხდება. საათში 3 ადამიანს იღებენ რაც დღეში 12 ადამიანია. მომსახურებების ჩამონათვალშიც 43 მომსახურება აქვთ მითითებული, რომელზეც ადამიანი საკონსულოში შეიძლება მივიდეს წინასწარ ელექტრონულად შეხვედრის დანიშვნით. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ბევრ ემიგრანტს უნდა, ყველას აქვს სურვილი, აიღოს (გამოცვალოს) ბიომეტრიული პასპორტი, თუმცა ეს შეუძლებელია. დღეს, 13 მაისის მონაცემებით, შეხვედრის დანიშვნისთვის მხოლოდ 3 ადგილია დარჩენილი ისაც 30 ივლისს. რამდენიმე ადამიანი ვცდილობდით დარეგისტრირებას, თუმცა, ვერაფრით მოვახერხეთ. როგორ უნდა ისარგებლოს მოქალაქეებმა ამ შეღავათით, აქციით როცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ? ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანია მხოლოდ საბერძნეთში და ერთი თვის განმავლობაში, დღეში 12 ადამიანის მიღებით, თუნდაც ყველა მხოლოდ ერთ მომსახურებაზე – პასპორტზე რომ მივიდეს, თვეში 372 პასპორტია, ემიგრანტები კი ასჯერ და ათასჯერ მეტნი ვართ. ყველა მსურველს უნდა შეეძლოს ამ აქციით სარგებლობა და საკონსულო 13:00-საათამდე კი არა, მინიმუმ 17:00 საათამდე უნდა მუშაობდეს, რომ ეფექტი იყოს“, – მოგვწერეს ემიგრანტებმა.

იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა ეს ტექნიკური, კონკრეტულად ერთი ჯგუფის პრობლემა, „მედიაცენტრი მთავარი“ საბერძნეთში მცხოვრებ სხვა ემიგრანტებსაც დაუკავშირდა. პრობლემას, ყველა თითქმის ისე აღწერს, როგორც რესპონდენტების პირველი ჯგუფი. ყველა მათგანის თხოვნა და მოთხოვნაა, ათენში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გახდეს უფრო ეფექტური და ქმედითი, მოქალაქეების მიღება 13:00-საათზე არ შეწყვიტონ და ემიგრაციასთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ, ვიდრე დისკომუნიკაცია.

ინფორმაციის დასაზუსტებლად და დასაბალანსებლად „მედიაცენტრი მთავარი“ საგარეო და იუსტიციის სამინისტროებსაც დაუკავშირდა. საგარეო უწყებაში გვითხრეს, რომ ვადის გახანგრძლივება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა, იუსტიციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ სამინისტროს ფუნქციებში გამოცხადებული აქცია და მიღებული განაცხადის მიხედვით პასპორტების დაბეჭდვაა.

„აქციის პერიოდია 1 ივნისამდე. საგარეოს ვთხოვეთ, სწორედ ემიგრანტების ინტერესებიდან გამომდინარე, 18:00 საათამდე იმუშაონ, რაზეც მივიღეთ თანხმობა. ვადა 1 ივნისს სრულდება და მთელ მსოფლიოში, პრობლემა არსად შექმნილა. ვადის გაგრძელება არ იგეგმება. დღეის, 13 მისის მდგომარეობით, პასპორტზე შემოსულია 2790 განაცხადი“, – გვითხეს იუსტიციის სამინისტროში.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, გვითხრეს, რომ საბერძნეთში, კონსული დღეში 50-60 ადამიანს ემსახურება, აქციის გაგრძელება კი იუსტიციის პრეროგატივა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად, საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან კიდევ დამატებით გადავამოწმეთ ინფორმაცია, ყველა მათგანი ამბობს, რომ საკონსულო არა 18:00 საათამდე, არამედ 13:00-საათზე იხურება. გარდა ამისა, მათივე თქმით, კვირაშ 3 დღე ისვენებენ და ამას ემატება დასვენების როგორც ქართული ისე ბერძნული დასვენების დღეები. იმის გასარკვევად, თუ როგორია ამ დროისთვის საკონსულოს მხრიდან გაწეული მომსახურება, საგარეო უწყებას ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, აქციიდან დღემდე, რამდენი მოქალაქე მიიღო საკონსულომ, რამდენს გაუწია მომსახურება, დღეში რამდენ ემიგრანტს ემსახურება; რატომ ვერ რეგისტრირდებიან ემიგრანტები საკონსულოში მიღებაზე და როგორ აპირებს საგარეო უწყება არსებული საკითხების მოგვარებას.

„მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო უწყებაში უპასუხეს, რომ პრობლემა არ არსებობს და ქართული დიასპორის ეფექტური მომსახურებისთვის საბერძნეთში დამატებითი პერსონალიც კი მიავლინეს.

„2019 წლის 1 მაისიდან დღემდე, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემას, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ დაფიქსირდა მოქალაქეთა უაღრესად მაღალი მიმართვიანობა. მსურველთა ეფექტიანად მომსახურების მიზნით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გადავიდნენ საგანგებო სამუშაო რეჟიმში, მათ შორის საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, სადაც ფიქსირდება მოქალაქეთა განსაკუთრებით მაღალი მიმართვიანობა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინიტროს აქციის დაწყებიდან დღემდე ქ. ათენში საქართველოს საკონსულო ყოველდღიურად 65-75 საქართველოს მოქალაქეს ემსახურება. მოქალაქეების ეფექტიანად მომსახურების მიზნით საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მიღების საათები გაზრდილი იქნა 09.00-დან 17.00 საათამდე. ამავდროულად, მაღალი მიმართვიანობის ეფექტიანად გამკლავების მიზნით, საგარეო საქმეთა უწყებამ ქ. ათენში დასახმარებლად წარგზავნა დამატებით საკონსულოს თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ აქციის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. რაც შეეხება რეგისტრაციის სირთულეებს, მოგეხსენებათ, რომ იგი გამოწვეულია მოთხოვნის მზარდი ნაკადით და სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თბილისიდან მივნილებულიყო დამატებითი რესურსი იმისათვის, რომ ონლაინ რეგისტრაციის პარალელურად მომხდარიყო მოქალაქეების განაცხადების მიღება უშუალოდ საკონსულო სამსახურის მიერაც“.

რუბრიკაში: „მოგვწერეთ მთავარი“, ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან გამოგზავნილ შეტყობინებებს „მედიაცენტრი მთავარი“ ისევ დაუბრუნდება.

ავტორი: ეკა გულუა

მსგავსი თემები

2 Thoughts to “ემიგრანტები საკონსულოს არაკეთილსინდისიერებაზე საუბრობენ და საქმეში საგარეოს აუდიტის ჩართვას ითხოვენ”

  1. ანონიმური

    Ara marto saberznetshi yvela qveyanashi analogiuri mdgomareobaa 1 maisidan 1 ivnisamde gaicemavo rom ambibt ra shuashia aq adgilebi da pasportebis raodenoba tu ert tviani aqcia iyo mteli tvis manzilze shezlebisdagvarad gagecat mitumetes icit yvela qveyanashi qartvelebi uricxvi raodenobit vart.ra qnas im xalxma vinc darcha upasportod nutu esaa chveni mtavrobis gverdshi dgoma emigrantebis.

  2. ანონიმური

    Mainteresebs ra xelpasi akvs elvhs
    3 dge isvenebs da 13-mde mushaobs
    Umaglesi sizarmacis ert-erti
    Gamovlineba
    Pasportshi
    Agar maxsovs
    124 e + 15e banki gadavicade jda guli gamiskda meore kvirashi50 e iko
    ,rogorc pasdakleba