“ელჩის გამოწვევა მგონია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი საქართველოდან ელჩს არ გაიწვევს.

ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ ლუგანსკის ოლქში სტუმრობის დროს ისაუბრა.

„ჩვენ ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ელჩს უკრაინაში არ გამოვიწვევთ. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მე მგონია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა”, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ საკადრო ცვლილებები მხოლოდ იმ ხალხსა და მთავრობას ეხება, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს.

„ეს ჩვენი გადწყვეტილებაა, ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინის პასპორტიც აქვს. მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი და ის დავნიშნე რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად“, –  განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.

მსგავსი თემები