ავტო მფლობელებს, ელექტროდამტენები სახლთან უფასოდ დაუმონტაჟებენ

კონკრეტული ადგილების გარდა, სადაც ელექტროდამტენები დღეისათვის სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, დამტენები ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც დამონტაჟდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ელექტროავტომობილის მფლობელ მოქალაქეებს მოუწოდა, დამტენების დამონტაჟების თხოვნით თბილისის მერიას დროულად მიმართონ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ გასულ წელს ელექტომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დავაანონსეთ, რომ ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, შეუძლია მიმართონ მუნიციპალტეტს და ჩვენ დამტენებს მათ საცხოვრებელ ადგილებზე, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავამონტაჟებთ. ქალაქი უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი უნდა შემოვიდეს ქალაქში. ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით არაერთი განაცხადი იყო და რეაგირებაც შესაბამისად ხდებოდა. პირველ ეტაპზე დამტენები იმ ადგილებზე დავამონტაჟეთ, სადაც მეტი იყო მოთხოვნა. ვისაც ელექტრომობილები გყავთ, იაქტიურეთ, მოგვმართეთ მუნიციპალიტეტს და ჩვენ უფასოდ დავამონტაჟებთ დამტენებს თქვენთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე. ეს თქვენთვის დამატებითი კომფორტი იქნება, ყველა ხარჯს კი მუნიციპალიტეტი გაწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეისათვის ელექტროდამტენები დამონტაჟებულია ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე; ავლაბარში, წინანდლის ქუჩაზე (300 არაგველის მეტროს მიმდებარედ); დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის ორ მისამართზე, ვაკეში, თაქთაქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვლიდან თბილისის მერიაში მოქმედებს ვებგვერდი chargers.tbilisi.Gov.ge, რომლის საშუალებით ელქტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ახლო დამტენების დამონტაჟება სთხოვონ.

მსგავსი თემები