ეკლესიური საზღვრების დასაცავად, საქართველოში, 4 კონტინენტიდან 23 ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის

ევროპული რელიგიის, მართლმადიდებელი ქრისტიანობის მსოფლიოში პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც 19-22 ივნისს მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება. თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე შეხვედრის მასპინძელი გახდება.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილია, რომელიც ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

როგორც ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, 19-22 ივნისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღებია, რადგანაც, ოთხი კონტინენტიდან 23 ქვეყნის დელეგატები საკმაოდ მნიშვნელოვანი მისიით ჩამოვლენ.

„ორგანიზაციის მიზანია ევროპული რელიგიის – მართლმადიდებელი ქრისტიანობის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში და ეკლესიური საზღვრების მთლიანობის დაცვა. დღეს, მსოფლიოში, საკმაოდ მძლავრობს ისლამი და სხვადასხვა კონტინენტებზე ქრისტიანი მართლმადიდებლები განიცდიან შევიწროებას და შემცირებას. ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, რომელიც თბილისში გასულ წლებში გაიმართა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისს მისცემს საშუალებას გახდეს მესამე დიდი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმის საქართველოში ჩატარება მარტივად მისაღწევი არ ყოფილა. საქართველოს ამ დღის დადგომისთვის 6 წლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა.

„როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იბრძვის ოლიმპიადის მის დედაქალაქში ჩატარებისთვის, ასევეა ამ შემთხვევაში, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ქვეყანა, რომ ასამბლეა მათ სამშობლოში ჩატარდეს“ – განუცხადა ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

დეპუტატის ინფორმაციით, სამომავლოდ, საქართველო, რელიგიური ტურიზმის განვითარებისთვისაც მიმზიდველი ქვეყანაა: „რელიგიური ტურიზმი, ყველაზე პოპულარული. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას, მათ შორის რელიგიური ტურიზმის კუთხითაც“- გვითხრა ქუცნაშვილმა.

უფრო მეტიც, მისი შეფასებით, ამ ფორუმით, ჩვენ ველაპარაკებით ოკუპანტ რუსეთს: „ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისათვის, რომ ველაპარაკოთ რუსეთს, მათ უკან უნდა წაიღონ თავიანთი აღიარება და დაუჯერონ მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს, რომელმაც არც ცხინვალი და არც აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი რელიგიების ამ მათი ეპარქიის გაგრძელება“.

მსგავსი თემები