ეკა ბესელია ვიცე-სპიკერის კაბინეტში შესვლას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს

“არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება” – აღნიშნული განცხადება ლონდონიდან დაბრუნებულმა ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი სტრატეგია ბრძოლის გაგრძელებაა, რომელიც რა შედეგით დასრულდება, ამ ეტაპისთვის არ საუბრობს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, ის მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი იყო. მისი გადადგომით კი პროცესი გაახანგრძლივა.

„პარასკევს კომიტეტის სხდომის ჩანიშვნის იდეა ირაკლი კობახიძემ მომაწოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევს და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა. იმავე დღეს უნდა მომხდარიყო სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც არასწორი იყოს, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან, რომლის შეცვლასაც წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში, პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების თუ სპეცრაზმის დარბევის ქვეშ ვიცავდით და არასდროს დაგვიხევია უკან ამ ბრძოლაში,”- აცხადებს ეკა ბესელია.

მისივე განცხადებით, ვიცე-სპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების იდეაც ირაკლი კობახიძისაგან მოდის, რასაც ის არასდროს დათანხმდება: „არასდროს გავხდები იმ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ამ პრინციპულ საკითხებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი პოზიცია არ ექნება. მშვიდობაში კაბინეტები და თანამდებობები – დამითმია მათთვის, ვინც პოლიტიკაში თუ ხელისუფლებაში ამ მიზნით მოვიდა. ჩემთვის წყალგამყოფია თემა, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს უკავშირდება.”

მისივე თქმით, მას არაერთხელ უთქვამს და კიდევ იტყვის უარს კაბინეტზე და თანამდებობებზე, როდესაც საუბარი სამართლიანობის აღდგენას ეხება.

„ვიდრე ბატონი ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და, ასე მგონია, იცავს იმ კაბინეტის თემას, მე გავაგრძელებ იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს. არც ერთი კაბინეტი და არც ერთი თანამდებობა არ არის ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების საპიტწონე, როგორიც არის სამართლიანობა და შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა“, – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები