დღეს, ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოფრინდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, რამდენიმე საათში თბილისში ამსტერდამიდან თვითმფრინავი დაეშვება, სადაც საქართველოს 179 მოქალაქეა.

„მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები, ორსულები, არიან სტუდენტები რომლებიც ევროპაში სწავლობდნენ და არიან ტრანზიტული მგზავრებიც, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ და შეძლეს ჩვენი საელჩოების დახმარებით ამსტერდამში ჩასვლა. ყველა მგზავრი, რომლებიც ჩამობრძანდება, გაივლიან შესაბამისი წესით საკარანტინო პირობებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, იგეგმება ასევე რეისების შესრულება სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.

„რეისები იგეგმება ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან და სხვადასხვა ქალაქებიდან. ჯერ მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები, მგზავრების ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გვეცოდინება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევებში იქნება გათვალისწინებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სამედიცინო ხასიათის პროტოკოლი და მგზავრები თვითმფრინავში განთავსდებიან შესაბამისი მოთხვოვნების დაცვით ე.წ ჭადრაკული პრინციპით“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მსგავსი თემები