დღეიდან, რუსი და ყაზახი ტურისტები, როგორც ზღვის, ისე მთის ჯავშნებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ    

რუსი და ყაზახი ტურისტები, რომლებსაც  რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში მსხვილი ჯავშნები არ გააუქმეს, დღეს, უკვე, გადაწყვეტილება შეცვალეს და საქართველოში ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  მსხვილი სასტუმრო კომპლექსებიდან აცნობეს, მათ ყველა მაღალბიუჯეტიან კლიენტთან ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდათ, საკუთარ თავზე აიღეს მათი უსაფრთხოება და ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიოდნენ. დღეს კი ვითარება შეიცვალა და ტურისტები საქართველოში არ ჩამოდიან.

„დღეს დილიდან, ჯვშანი-ჯავშანზე უქმდება ყაზახეთიდან და რუსეთიდან. არადა, შედარებით მშვიდად ვიყავით, რადგან ყველა ჯავშანთან სათითაოდ გვქონდა კომუნიკაცია, ყველას ვუხსნიდით ვითარებას და ჩვენს თავზე ვიღებდით მათ უსაფრთხოებას და ყველზე მაღალ სტანდარტს ვთავაზობდით… გუშინდელი თემა არაფერში ჯდება. ვაზარალებთ ქვეყანას, მოსახლეობას, ეკონომიკას. ის, ვინც გვყავდა შენარჩუნებული და მაინც ჩამოდიოდნენ, მათაც, უკვე, დღეს შეცვალეს პოზიცია და ყველაფრის მიუხედავად, არ ჩამოდიან“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ მთის ერთ-ერთი ძვირადღირებულ სასტუმროში.

კიდევ ერთი სასტუმრო კომპლექსის მენეჯერი „მედიაცენტრ მტავართან“ საუბრისას ადასტურებს, რომ დღეს დილიდან, ტურისტები ჯავშანს აუქმებენ და თითქმის ყველა ზარი, რომელიც სასტუმროში შედის, სწორედ ამ საკითხს ეხება.  

„ბუნებრივია, ტურისტების გარკვეულ კატეგორიასთან გვაქვს პიროვნული ურთიერთობა და ისინი ჩვენთან ხშირად ჩამოდიან, შესაბამისად, ვისაც რუსეთის პრეზიდენტის „ტურისტული ემბარგოს“ გამო ჯავშანი არ ჰქონდა გაუქმებული და ალტერნატიული გზით აპირებდა საქართველოში შემოსვლას, დღეს ყველა ჯავშანს აუქმებს.  როცა ტურისტი მიდის უცხო ქვეყანაში და ხედავს რომ ამ ქვეყანაში ასეთი ამბებია, მაღალრეიტინგული ტელევიზიიდან სხვა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინებენ, აქციებია, ერთმანეთს სცემენ, ცენტრალური გამზირი პარალიზებულია, რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი, რა გარანტიები აქვს რომ მასაც იგივეს არ უზამენ და შეურაცხყოფას არ მიაყენებენ. მთელი ეს დღეები ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული, გაყიდვების მენეჯერი ყველა ჩამომსვლელს ურეკავდა და ესაუბრებოდა, ბოლოს ეუბნებოდნენ რომ გენერალური დირექტორი დაელაპარაკებოდა მათ და მთელი დღე ვუხსნიდით ვითარებას, საკუთარ თავზე ვიღებდით მათ უსაფრთხოებას და ვარწმუნებდით რომ ჩამოსულიყვნენ. ახლა კი სათქმელიც არაფერი გაქვს, სალაპარაკოც კი არაფერია. ყველა ქვეყანაში საქართველოში მიმდინარე ამბები გადაიცემა, ყველა აზიარებს რაც ხდება ამ ქვეყანაში. უსაფრთხოებასთან ერთად, შეურაცხყოფაცაა მათთვის ეს ყველაფერი, ამიტომაც, ჯავშანი-ჯავშნის მიყოლებით უქმდება“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ერთ-ერთ მსხვილ სასტუმრო კომპლექსში.     

მსგავსი თემები