დიასპორის წარმომადგენლები ზვიად კვაჭანტირაძეს სოლიდარობას უცხადებენ

წარმატებული ქართველი ემიგრანტები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, ჰოლანდიასა თუ სხვა ქვეყნებში, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანებიან ზვიად კვაჭანტირაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

„ძალიან შემაწუხა ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის (ჩემი აზრით) უსამართლო განცხადებამ, ბატონმა კობახიძემ, მინიმუმ, ბატონ ზვიადს ადამიანურად ბოდიში მაინც უნდა მოუხადოს. (ვინაიდან უმადურობაზე დიდი ნაკლი არ არსებობს ამ ქვეყნად)… ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მის საქმიანობას. გარდა ამისა, ვიყავით მის მირ განხორციელებული პროექტების თანამონაწილენი. დიასპორის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, როგორც ვიცით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარის – ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დიასპორის საკითხებზე მუშაობის გასაგრძელებლად.

საბჭოში მოწვეული იყვნენ მაღალი დონის მეცნიერები, მკვლევარები და ექსპერტები, რომლებთან ერთადაც განიხილებოდა არაერთი საკითხი და ყალიბდებოდა სხვადასხვა რეკომენდაცია. ფაქტია, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით იყო წარმატებული, რადგანაც საფუძველი ჩაეყარა საპარლამენტო კომიტეტისა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეების მჭიდრო თანამშრომლობას. ბატონ ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით ქართულ საკვირაო სკოლებს გადაეცათ ქართული სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, ვნახეთ მისი მხარდაჭერა ,,წარმატებულ ემიგრანტ ქალთა” დაჯილდოვების პროექტის განხორციელებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, მასთან შესაძლებელი იყო პირდაპირი კონტაქტი, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქვეყნის პირველ პირებამდე მიგვეტანა ჩვენი საჭირბოროტო საკითხები. ბატონი ზვიადი ქართველი დიპლომატია, მაგრამ ის შინაგანი ბუნებით, პირველ რიგში, სახალხო დიპლომატია და სწორედ ამიტომ, მან ქართულ დიასპორულ სივრცეში ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ზვიადს გაწეული შრომისათვის, ასევე იმ მიდგომებისთვის რომელიც მას დიასპორასთან ურთიერთობისთვის ჰქონდა არჩეული. მჯერა, მომავალში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთო სამსახურში მისი წარმატებული საქმიანობის“ – წერს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ორგანიზაციის -„მე დავბრუნდები-“ ხელმძღვანელი ინა ასანიძე.

იგივე პოზიციას იზიარებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელი თამრიკო შალამბერიძე: თუ დამიჯერებთ, არ ვიცნობდი ბატონ ზვიადს, ალბათ არც კი ვახსოვარ , მაგრამ თუ როდისმე დამირეკავს ამა თუ იმ საკითხზე, ბოლომდე მისმენდა ან კვალიფიციურ რჩევა მოუცია ან დახმარების ხელი გამოუწვდია. ასე რომ, თუ თქვენ მცდელობა არ გქონიათ ასე ხელაღებით ნუ ისაუბრებთ, ადამიანურად საწყენია, როდისმე ხომ უნდა ვისწავლოთ ადამიანის ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება? ყველაფრის წყალში ჩაყრა ხომ არ შეიძლება“.

ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტი, ქართული საკვირაო სკოლის წარმომადგენელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გალდავა: „ ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ბატონი ზვიადი გახლავთ გამორჩეულად წესიერი, პატიოსანი, თავმდაბალი, კეთილმოსურნე პიროვნება, რაც ასე ძვირად ფასობდა ყოველთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო მას და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“.

ზვიად კვაჭანტირაძეს თანადგომას უცხადებს ჰოლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ბიზნესმენი თიკა სვანიძეც: „ჩემი დიდი პატივისცემა ბატონ ზვიადს, რომელიც მართლაც ყოველთვის ემიგრანტებს და დიასპორას დიდ თანადგომას უწევდა. წარმატებებს ვუსურვებ მას!“

ზვიად კვაჭანტირაძეს საბერძნეთში მცხოვრები წარმატებული ემიგრანტებიც ეხმიანებიან. „ნამდვილად არ ვიცი რას ეძახით ან კომიტეტის კარგ ან ცუდ მუშაობას? განსაკუთრებით მიკვირს პარლამენტის თავჯდომარე რით აფასებს! მე რაც ვიცი, კომიტეტმა მოამზადა და ბიუროს გადასცა კანონი დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, ვიცი, რომ დიასპორის კომიტეტის თავჯდომარის ხელმოწერის გამოწვევამ გამოიწვია ის, რომ ჯერ კიდევ 8 თვის წინ არ მიიღეს კანონი “თავშესაფრის მოთხოვნის მსურველთა წინააღმდეგ” და რაც მთავარია, დღევანდელ რედაქციაში, მე-3 პუნქტი, სადაც კერძო პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 3000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ამოიღეს. აგრეთვე კომიტეტი იყო ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც, ოფიციალური წერილით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიმართა იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს რათა დაწეულიყო უცხოეთში გაცემული პასპორტის ფასები და გათანაბრებოდა საქართველოში გაცემული პასპორტის ფასს. ახლა მითხარით რაა პოლიტიკური ორგანოს კომიტეტის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი?“ – კითხულობს გიორგი ოკრიბელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი იხილებოდა, ირაკლი კობახიძემ მისი მუშაობა უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, წარმატებული არ იყო.

მსგავსი თემები