„დემონი, სულგაყიდული, ნარკოტიკი აიღო ან იუდას 30 ვერცხლი“ – მეუფე პეტრეს სკანდალური პასუხი გოგა ხაინდრავას (ექსკლუზივი)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ის დემონიზებული, დემონის მიმდევარია. აღნიშული განცხადება მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მას მერე გააკეთა რაც „მედიაცენტრ მთავარში“ გოგა ხაინდრავას ბრალდებები მოისმინა და მას ურჩია, შეინანიოს.  

მეუფე პეტრე: „წმინდა წერილის თანახმად, „რომელსაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი“. ასეთი სულმოძულებული და სულგაყიდულია ადამიანი, რომელმაც ეს ბრალდება და ცილისწამება ჩემს მიმართ დღეს გაახმოვანა. ეჭვი მაქვს, რომ სპეციალური დავალებით ნარკოტიკი აიღო ან იუდას 30 ვერცხლი საფასურად. პირდაპირი გაგებით, ცილისწამება და ცილისმწამებელი, არის დემონი. რა თქმა უნდა, დემონიზირებული ადამიანი, დემონის მიმდევარია, რომელიც მღვდელმთავრის მიმართ ამოდენა ცილისწამებით გამოდის და მიზანმიმართულად აკეთებს ამ განცხადებას.

„მედიაცენტრი მთავარი:“ როგორც გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თქვენ თანამშრომლობდით რუსეთის უშიშროებასთან, მან კონკრეტული გვარიც კი დაასახელა და აღნიშნა, თუ ასე არ არის, გამოვიდეს და თქვასო. რაიმე შემხებლობა გქონდათ რუსეთის უშიშროებასთან?    

პეტრე ცაავა: ის არის ადამიანი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, საქართველოს სახელმწიფოებრიობაში ყოველთვის დგას შავ-ბნელ მხარეს, ანტისახელმწიფოებრივ მხარეს. აფხაზეთის ომი, სახელმწიფო გადატრიალება, ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობა, რომელი ერთი გავიხსენო, იარაღის ამღები ადამიანია. თუ აფხაზეთში, თუ ცხინვალის რეგიონში, მაშინ, როდესაც, ჩვენთვის და უახლოესი ისტორიისთვის ცნობილია, რომ პროქართული, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარეს მებრძოლი ოსები როცა მოღალატეობრივად ჩააბარა რუსეთის მხარეს და ცოცხლად დასაწვავად გაიმეტა. ასეთი ადამიანისგან ვისმენ ბრალდებებს. რა თქმა უნდა, ღმერთს მადლობა, რომ მრავალგზის ცილისწამება, რაც ჩემს მიმართ მიმდინარეობს, შავი კამპანია არის ეკლიანი გვირგვინი და მადლობა უფალს, ამის ღირსი რომ გამხადა. ასევე, მორჩილად და მდაბლად, მთელი სიმტკიცით ვღებულობ ამ გვირგვინსაც და ამ მორიგ ცილისწამებასაც. პასუხს გავცემ, რომ აუცილებლად შეინანოს, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.

„მედიაცენტრი მთავარი“: მეუფე პეტრე, გოგა ხაინდრავამ კონკრეტული გვარიც კი დაასახელა, გენადი ბურბულისი, რომელსაც ელცინის მთავრობაში მაღალი პოზიცია ეკავა და რომელთანაც, თქვენ, თითქოს გარკვეული თანამშრომლობა გაკავშირებდათ.  

პეტრე ცაავა: ეს კონკრეტული გვარი პირველად მესმის და, რა თქმა უნდა, აბსურდი და სისულელეა. ასევე მინდა შევეხო მამა გიორგის შეწყალებას, რომელზეც მან თქვა, რომ რატომ უნდა შეიწყალონ, როცა სხვა პატიმრებისგან არაფრით განსხვავდება. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პატრიარქმა და წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიმართა განცხადებით პრეზიდენტს.  გაიხსენოს ამ არაადამიანმა, მსგავსი შემთხვევა ყოფილა საქართველოს ისტორიაში? პატრიარქსა და წმინდა სინოდს რომელიმე ერთ ადამიანზე, არათუ უდანაშაულო მღვდელზე, რომელიც ეწამება, მძიმე ავადმყოფია, პარალიზებულია, ფაქტობრივად, კონსესუსია მთელი საზოგადოების, მთელი ერისა მის შეწყალებაზე. ერთადერთი უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პატრიარქი და მთელი წმინდა სინოდი ითხოვს ადამიანის შეწყალებას. როგორ შეიძლება, რომ ტოლობის ნიშანი დავსვათ. რა თქმა უნდა, ის მომხრე იქნება, რომ ნარკომანები, ნარკობარიგები და მკვლელები გაათავისუფლონ. რათა ბევრი მიმდევარი და თანამოაზრე ჰყავდეს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია თქვენი მოლოდინი მამა გიორგის შეწყალებასთან დაკავშირებით?

მეუფე პეტრე: ყველაფერი ღვთის ნებაა. მოლოდინი ისაა, რომ პირველ რიგში, ვამხილოთ ეს ბინძური გარიგება. თუ საახალწლოდ არ შეიწყალებენ, ხელისუფლების, პრეზიდენტის აპარატსა და საპატრიარქოს შორის, უნდა იმხილოს მორიგი ბინძური გარიგება, ისევე როგორც ბინძური შეთანხმების მსხვერპლი გახდა მამა გიორგი ციანიდით ხელში, პატრიარქის მიმართ ბრალდებით და შემდეგ, თითქოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის ბრალდებით და ჩვენ, როდესაც ხმა არ ამოვიღეთ ამ მკრეხელობაზე, როდესაც მთელი ხელისუფლების აპარატი, მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის გენერალური პროკურორი  გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასულიერო იერარქიის მკვლელობა იგეგმებოდა და მაღალი სასულიერო იერარქი ქალბატონი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული. იყო დანაშაული, როდესაც ჩემი გამოკლებით, წმინდა სინოდმა ნდობა გამოუცხადა პროკურატურას. აი, ამ მოვლენების შემდეგაც კი. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. აი, ამ ადამიანს რა უნდა მოსთხოვო ამ უხსენებელ, კონკრეტულ ცილისმწამებელს, როდესაც საპატრიარქოდან ამოდენა ცილისწამება და ბოროტებაა. ღმერთის არ სწამთ და არ ეშინიათ. სირცხვილის გრძნობა აქვთ დაკარგული, მაგრამ აუცილებლად აღსდგება საქართველო და ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი თავის სათქმელს იტყვის, ჩამოირეცხავს ამ უწმინდურობას ერისა და ბერისაგან.

შეგახსენებთ, რომ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეუფე პეტრე რუსეთის უშიშროებასთან კავშირში ამხილა და ასევე აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძე სხვა პატიმრებისგან გამორჩეული არაფრითაა და გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს მისი შეწყალება.      



მსგავსი თემები