დევნილი და სოციალურად მოწყვლადი ქალები სხვადასხვა ხელსაქმეს დაეუფლებიან

სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ზუგდიდში სოციალურ საწარმოს დააფუძნებს. საწარმოში ხელობის სხვადასხვა სასწავლო ჯგუფები ჩამოყალიბდება, სადაც მსურველ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ახალი ხელობა ან განავითარონ უკვე არსებული უნარები.

„სოციალურ საწარმოს ორი ძირითადი დატვირთვა ექნება – ცენტრი „აფხაზეთის“ პირველი ეტაპის გადამზადებული მონაწილეებისათვის სამუშაო გარემოს შექმნა, რათა მათ შეძლონ შემოსავლის მომტანი საქმიანობის წარმოება ანუ კერძო შეკვეთებზე მუშაობა და მეორე, ახლი ხელობის შეძენა/განვითარება ახალი მონაწილეებისათვის“, – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ნათია ჭანკვეტაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, სუტაჟის ტექნიკა, ქარგვა, თექაზე მუშაობა და ბისერებით მუშაობა – ეს ის ხელობებია, რომელთა სწავლების პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყება და სამ თვეს გაგრძელდება. მონაწილეებს სოციალურ საწარმოში ექნებათ კომფორტული სამუშაო გარემო, აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარითა და სამუშაო იარაღებით, რათა შეძლონ ხელსაქმის შესახებ მაქსიმალური ცოდნის მიღება და ახალი ტექნიკების დაუფლება. გარდა ხელსაქმის გაკვეთილებისა, პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან. პროექტი ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც იმუშავებს. მონაწილეები ზუგდიდსა და აფხაზეთში ერთმანეთს საკუთარ შთაბეჭდილებებს, სასწავლო პროცესში მიღებულ გამოცდილებას და, ასევე, სხვა სახის ინფორმაციას ონლაინ კომუნიკაციის ფარგლებში გაუზიარებენ.

ნათია ჭაკვეტაძის ინფორმაციით, ანალოგიური პროექტი ზუგდიდსა და აფხაზეთშიც განხორციელდა: „2018 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ზუგდიდსა და აფხაზეთში განახორციელა ანალოგიური პროექტი დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისათვის. ჩვენი პროექტი, ასევე, სრულ თანხვედრაშია სახელმწიფოს სამშვიდობო ინიციატივის -“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ვაჭრობის კომპონენტთან. აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალები ერთმანეთთან მუდმივ კავშირში იქნებიან სოციალური ქსელების საშუალებით და ერთმანეთს ცოდნასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ“.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ სასწავლო ხელობის ჯგუფებში განაცხადების მიღებას აგრძელებს. პროექტში მონაწილეობის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ლინკი: https://bit.ly/2WqP9li

მსგავსი თემები