“დედებს გავაფრთხილებდი, ახალი კარტოფილი არ გამოიყენონ” – ექსპერტი

​გაეროს ექსპერტ ხათუნა ახალაია დედებს ურჩევს, ბავშვებისთვის საკვებად ახალი კარტოფილის გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან დიდი ალბათობით, ის შესაძლოა მავნე ქიმიური ნივთიერებით იყოს გაჯერებული.

როგორც ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ღია ბაზარზე გამოტანილი ახალი კარტოფილის მოყვანის ვადები ხშირად დარღვეულია.

“ახალი კარტოფილის დათესვის წინ, ფერმერები იყენებენ გლიფოსატს, რომელიც ნიადაგიდან აუცილებლად გადავა კარტოფილში. ამ ნივთიერების დაშლის პერიოდი არის 60 დღე, ეს პერიოდი უნდა გავიდეს კარტოფილის დათესვიდან, რომ გლიფოსატმა დაშლა დაიწყოს და შესაბამისად არ მოხვდეს პროდუქციაში. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა კარტოფილი ქერქს იკეთებს. როცა რეკომენდაციას ვუწევთ დედებს, ბავშვების საკვებად, როგორი პროდუქცია გამოიყენონ, მე მათ ვურჩევდი, რომ ახალი კარტოფილის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. იმას არ ვამბობ, რომ ხელაღებით ყველა კარტოფილში შეიძლება იყოს გლიფოსატი, თუმცა ეს არის კვლევის საგანი და იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამ კვლევებსაც დავიწყებთ”, – აცხადებს ხათუნა ახალაია. 

მისივე თქმით, გლიფოსატზე კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა და შესაბამისად, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში მისი შემცველობის შესახებ მონაცემები არ აქვთ. რაც შეეხება ნიტრიტებისა და ნიტრატების პრობლემას, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შარშან ჩატარებული კვლევებით, მწვანილსა და ბოსტნეულში, მათი მაღალი კონცენტრაცია დადასტურდა.

მისივე ინფორმაციით, ასეთი პროდუქციის მიღებისგან თავს იკავებენ სამაცივრე მეურნეობებიც, რადგან ნიტრიტებითა და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქცია არ ინახება და შემდგომი რეალიზაციისთვის უვარგისი ხდება.  

მსგავსი თემები