დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ფინური საბავშო წიგნით “გამარჯობა რუბი” ისწავლიან

​წიგნით – „გამარჯობა რუბი“, სექტემბრიდან საქართველოში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან.

„გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს N 2, ქალაქ რუსთვის N 4 და თბილისის N 71-ე საჯარო სკოლებში კლუბებში, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელდება.

​როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში “მედიაცენტრ მთავარს განუცხადეს, „გამარჯობა რუბი“ ფინური საბავშვო წიგნების სერიაა, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.

“აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი; ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა; ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა; ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში შესაძლო მონაწილეობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება,” – აცხადებენ ეროვნულ კომისიაში.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გამარჯობა რუბი“ წიგნების სერიის ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბს“-მა 2018 წელს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ, ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა, საქართველოში ჩამოიყვანა.

ლინდა ლიუკასმა დღეს, 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.

„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად,იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც.

მსგავსი თემები