დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება

დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობის, მენეჯმენტის სრულყოფის, ეკოტურიზმის განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს.

პროექტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის – KFW-ს მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდება.
დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი KFW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს, კლაუს ფაიგელს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება  ქვეყანაში ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაცვა და განვითარება. ამ მხრივ, ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია და ვფიქრობ, ჩვენი მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობით, შედეგიც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც კლაუს ფაიგელმა შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკი – KFW მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მზადაა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები