„დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, მივულოცო ლადო კახაძეს“ – კახა კალაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძე ლადო კახაძეს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ უპირატესობა სწორედ მის მხარესაა.

„პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს. მოგეხსენებათ 8 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს’ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მხარდამჭერებსა და აგიტატორებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.

„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ აგიტატორს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს. შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს, არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავისა და თეთრის გარჩევა, ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ“ – აღნიშნა კალაძემ.



მსგავსი თემები