„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ დღეიდან, ქართული ისტორიების შეგროვებას იწყებს

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შემდეგ, ხორვატიის ქალაქ ზაგრების “დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყანა საქართველოც ხდება და 11 აპრილიდან 15 ივნისამდე თბილისში, მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია, სახელწოდებით „ბეთლემის #10″, სამუზეუმო სივრცეში გამოიფინება.


„ეს არის მუზეუმი შენზე, ჩვენზე, იმაზე, თუ როგორ გვიყვარს და როგორ ვკარგავთ ერთმანეთს…“ ტრადიციის მიხედვით, ვიდრე მუზეუმი ნებისმიერ ახალ ქვეყანაში სამოგზაურო გამოფენით გაიხსნება, თვე-ნახევრით ადრე, ამ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიების დონაცია იწყება.

ქართული ისტორიების შეგროვება დღეს, 14 თებერვალს – ვალენტინობას იწყება და 20 მარტამდე გაგრძელდება. 


ადამიანი, ვისაც სურს, მის ისტორიას სამუზეუმო ექსპონატად ქცევისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცეს, ვებგვერდზე განთავსებულ ფორმას ავსებს, ფოტოს უღებს იმ ნივთს, რომლის გამოფენაც სურს და მუზეუმის წარმომადგენლობაში აგზავნის (დონაციის გამოფენის შემთხვევაში, გამომგზავნის ანონიმურობა და კონფიდენციალურობა დაცულია).

„არ არის აუცილებელი მხოლოდ სასიყვარულო ისტორია წარმოვადგინოთ. პროექტის არსი არის დამსხვრეული ურთიერთობები. ეს შეიძლება იყოს მეგობრებს შორის, ახლობელ ადამიანებს, დედმამიშვილებს, ან მშობლებს შორის არსებული ურთიერთობა, მაგრამ ძირითადად, მაინც სასიყვარულო ისტორიებს აგზავნიან.

ყველა ისტორია, რომელიც გამოგზავნილი იქნება ქართული აუდიტორიის მიერ, გახდება ზაგრების ძირითადი კოლექციის ნაწილი და იქიდან საუკეთესოები ჯერ თბილისსა და ბათუმში გამოიფინება, შემდეგ კი ეძლევა შანსი, გახდეს ძირითადი კოლექციის ნაწილი და იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო“, – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარისას სამუზეუმო სივრცე „ბეთლემის 10“ -ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნატალი ანანიაშვილი.

მისივე თქმით, დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ კოლექცია ადამიანთა იმ გრძნობებსა და გამოცდილებებს ეხება, რომელიც სხვა ადამიანებში საოცარ ინტერესს იწვევს. ინტერესთან ერთად, დამთვალიერებლები კოლექციის მიმართ თანაგრძნობითა და პატივისცემით არიან განმსჭვალულნი. საქართველოში კი მისი ჩამოტანა, პირველ რიგში, საზოგადოებაში ახალი მიმართულების სამუზეუმო კულტურის დანერგვის სურვილს უკავშირდება, რადგან დღეს მთელ მსოფლიოში, თანამედროვე მუზეუმები საზოგადოებრივი განვითარების მაღალი დონის გამოხატულებაა .

“დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია ნაკრებია მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობებისა“, რომლებიც დამთვალიერებელში, თანაგრძნობასა და აღტაცებას იწვევს, ასტიმულირებს კათარზისს. მუზეუმში ვიზიტი, ასევე, ერთგვარი თერაპიაა მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, რადგან სიყვარული და დაშორება ერთნაირად ლამაზია და მტკივნეული განურჩევლად ქვეყნისა, კულტურისა, რელიგიისა, ორიენტაციისა თუ ისტორიისა.

„მუზეუმი მოიცავს სამი ტიპის ნივთებს: მატერიალურს – ფოტოები, წერილები, მესიჯები (მითითებული შეხვედრის ადგილები), ვირტუალურს –სურათები და დოკუმენტები ან კონფესიურს (აღმსარებლური) – ხმოვანი ჩანაწერები და გზავნილები, ეს ნივთი შეიძლება იყოს უბრალო ფანქარი, სანთებელა ან ნებისმიერი რამ, რაც კონკრეტულ ისტორიას უკავშირდება. პიროვნება თავდაპირველად ავსებს განაცხადს, აგზავნის ნივთის ფოტოს და შემდეგ უკვე, როდესაც გამოსაფენად შეირჩევა მისი განაცხადი, მოაქვს ეს ნივთი მუზეუმში, ბეთლემის ქუჩა #10-ში.

ამ შემთხვევაში ისტორიაა ღირებული. მთავარია, ისტორია იყოს საინტერესო, ემოციურად მოსასმენი და წასაკითხი სხვა ადამიანებისთვის. გამოფენაზე წარმოსადგენ ავტორებს ხორვატები შეარჩევენ, ჩვენ ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ყველა ისტორია ინგლისურ ენაზე ითარგმნება, რათა მუზეუმის იდეის ავტორებმა საუკეთესოები შეარჩიონ და კოლექციას მუდმივი ექსპონატები შემატონ “.  – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან” საუბარში ნატალი ანანიაშვილი.  

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ წყვილმა: დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ თერაპიული პროექტის სახით შექმნა. მათ ეს იდეა 2003 წელს გაუჩნდათ, სწორედ მაშინ, როდესაც 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. პირველ ეტაპზე პირადი, წლების შემდეგ კი, მეგობრების ნივთები მოაგროვეს და 2006 წელს, პირველი გამოფენაც მოაწყვეს.

მომდევნო წლებში, კოლექცია შემდეგ ქვეყნებში გამოფინეს: არგენტინა, ბოსნია ჰერცოგოვინა, გერმანია, მაკედონია, ფილიპინები, სერბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

მას შემდეგ, რაც ხორვატიის კულტურის სამინისტროსგან უარი მიიღეს, დრაჟენ გრუბიშიკმა და ოლინკა ვესტიკამ თავად მონახეს სამუზეუმო სივრცე – 300 კვ.მ. ფართობი და 2010 წელს, „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ ოფიციალურად გახსნეს.

2011 წელს, მუზეუმმა ევროპული მუზეუმების ფორუმზე (European Museum Forum) ქენეთ ჰადსონის ჯილდო მიიღო (Kenneth Hudson Award), რომელიც მუზეუმს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუკი მას ორიგინალურობასა და რისკიანობასთან რაიმე კავშირი აქვს.

„ხორვატიული მუზეუმი უკვე 13 წელია, არსებობს. მისი ძირითადი ლოკაცია ხორვატიაშია და ამდენივე წელია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ. თუმცა, გამოფენის ხანგრძლივობა არის ხოლმე არაუმეტეს 2 თვისა. საქართველოში კი მათი ვიზიტი ხუთ თვეს გასტანს, რადგან ტურისტულ სეზონზე რჩებიან და გამოფენას ორ ქალაქში აწყობენ,“ – აცხადებს პროექტის მარკეტინგის ხელმძღვანელი „მთავართან.“

თბილისში გამოფენის შემდეგ, 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, მუზეუმი ბათუმში იმოგზაურებს. ჯამში, საქართველოში, 25-მდე ქართული ისტორიით, 80 ექსპონატი გამოიფინება.

პროექტით დაინტერესებულ ადამიანს კი, უკვე დღეიდან, აქვს საშუალება დარეგისტრირდეს და შეავსოს განაცხადი ფეიბუქ-გვერდზე “ბეთლემის 10”, სადაც გამოფენის ყველა სიახლე პერიოდულად გამოქვეყნდება.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები