„დამსხვრეული ურთიერთობების“ გამოფენა თბილისში

„დამსხვრეული ურთიერთობები“ –  ასე ჰქვია გმოფენას, რომელსაც 9 მაისს, თბილისში, ბეთლემის 10-ის სამუზეუმო სივრცე უმასპინძლებს. მუზეუმში მისული დამთვალიერებელი, მსოფლიო მასშტაბით, იმ სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებს გაეცნობა, რომელიც დაიმსხვრა, თუმცა, წამოდგენილი კონკრეტული ნივთი წყვილის სასიყვარულო თავგადასავალის მატიანეა.  

ფოტოაპარატი ლინზის გარეშე, სახლის გასაღები, სათამაშო იარაღი, წერილები, ეს იმ საგამოფენო ექსპონატებს მცირე ჩამონათვალია, რომელიც დამსხვრეულ ურთიერთობამდე არსებულ ბედნიერ წუთებს ასახავს. ყველა ექსპონატს კი საკუთარი ისტორია მიყვება.     

 „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ კონცეფცია, წყვილთა  ურთიერთობებსა და შემდგომ, ამ ურთიერთბების ნგრევას ასახავს. საუბარია  ნივთებზე, რომელიც, ერთ დროს, სასიყვარულო თავგადასავლის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა, შემდგომ კი ექსპონატად იქცა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-ზე მეტი ნივთი და ისტორია,  რომელთა უმეტესი ნაწილიც მსოფლიო კოლექციიდანაა. დანარჩენი ისტორიები კი, ორგანიზატორმა ჯგუფმა „ბეთლემის 10“ თანამედროვე ქართველ (და არამარტო) ავტორებისგან მიიღო.

თბილისის გამოფენას კი მუზეუმის შექმნის იდეის ავტორები – ოლინკა ვესტიკა და დრაჟენ გრუბეშიჩი გახსნიან. 2006 წელს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულებული ურთიერთობის შედეგად, წყვილმა გადაწყვიტა, შეექმნათ მათი ისტორიის მსგავსი ისტორიების შესანახი დაცული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, დასრულებული ურთიერთობების გახსენება, მატერიალური და არამატერიალური ნივთების წარმოჩენა და საკუთარი ამბების დაფიქსირება.

შეგახსენებთ რომ, „ბეთლემის 10“-მა, დამსხვრეულ ურთიერთობებზე  ისტორიების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და 20 მარტს დაასრულა.

როგორც მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნატალია ანანიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა,  ქართვლების აქტიურობამ მოლოდინს გადაჭარბა:  „იმდენად საინტერესო, ინდივიდუალური და ამაღელვებელი ისტორიები და ნივთები მივიღეთ, თანაც ისეთი რაოდენობით, რომ ძალიან გაგვიჭირდა არჩევა. თუმცა, საბედნიეროდ, საბოლოო სიტყვა ოლინკასა და დრაჟენს ეკუთვნოდათ. საბოლოოდ კი ყველაფრით განსხვავებული და გამორჩეული 32 ისტორია შევარჩიეთ, რომელსაც მუზეუმის სტუმრები 9 მაისიდან გაეცნობიან“.    

მსგავსი თემები