დამსაქმებლის 4% + 2% სახელმწიფოსგან, უდრის ღირსეულ სიბერეს – საპენსიო რეფორმის ფორმულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება, მიზნად ისახავს მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფას. დღევანდელი გათვლებით,დაახლოებით 25 წლის შემდეგ, დაგროვებითი პენსია მინიმუმ 500-600 ლარს უნდა შეადგენდეს.

როგორც აკაკი ზოიძემ „მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, დაგროვებითი პენსია იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც დღეს აქვს შემოსავალი და ფიქრობს ღირსეულ სიბერეზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობა რამდენად წარმატებული იქნება.

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა ბევრ ქვეყანაში საკმაოდ გამართულად მუშაობს. საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვა თვითდასაქმებულებსსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, მათ საკუთარი შემოსავალი ოფიციალურად ჰქონდეთ დაფიქსირებული. ამ შემოსავლიდან ისინი 4%-ს საპენსიო ფონდში შეიტანენ, სახელმწიფო კი 2%-ს დაუმატებს.

“ადამიანები, რომლებიც ხელფასს ხელზე იღებენ და რეგისტრირებულნი არ არიან, გარდა იმისა, რომ ამით კანონს არღვევენ, საპენსიო რეფორმაში ვერ ჩაერთვებიან. ასეთი ადამიანები და მათი დამსაქმებლები არღვევენ კანონს. ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც “შავ სიაში” იყვნენ და ბანკის ვალი ჰქონდათ, შესაბამისად ისინი ვერ აჩენდნენ ხელფასს. ამის საშუალება მათ სახელმწიფომ და ფონდმა “ქართუმ” პირველი იანვრიდან მისცა. ეს კიდევ ერთი შესაძლებლოაა, მოქალაქეები სამსახურებში ოფიციალურად გაფორმდნენ, რადგან, ბანკი მათ თანხას აღარ ჩამოაჭრის და საპენსიო ფონდში ჩართვით, სახელმწიფოსგან დამატებით ხელფასის 2%-ს მიიღებენ. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში, ასევე შეუძლიათ, მომავალში, საპენსიო ფონდში ჩაერთონ და შემწეობის ნაცვლად, საკუთარ ოჯახს შემოსავალი თვითონ მოუტანონ”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

კანონპროექტს, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება, სოციალურ ქსელში ნეგატიური განხილვა მოჰყვა. ბევრისთვის გაუგებარი რჩება, სად გროვდება დამსაქმებლის მიერ გადახდილი, მათი ხელფასის 4% და არსებობს თუ არა გარანტია, რომ მოქალაქეები საპენსიო ასაკში სრულად მიიღებენ მათ მიერ, წლობით დაგროვებულ პენსიას.

აკაკი ზოიძის განმარტებით, იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმად, 40 წლამდე მოქალაქეს დამსაქმებელი ხელფასის 4%-ს საპენსიო ფონდში ჩაურიცხავს, ამას დაემატება სახელმწიფოსგან გამოყოფილი კიდევ 2%. თანხა აისახება საპენსიო სააგენტოში, კონკრეტულად იმ ადამიანის პირად ანგარიშზე, რისი ნახვაც ყოველდღიურად შეეძლება.

ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ – ნებაყოფლობითი. კანონის ამოქმედებისას ისინი ავტომატურად ერთვებიან სისტემაში. თუმცა, მათ შეუძლიათ 3 თვის განმავლობაში განცხადება დაწერონ და სისტემიდან ამოვარდნენ. ასეთ შემთხვევაში, ისინი საპენსიო ასაკში, მხოლოდ საბაზისო პენსიას, ანუ სოციალურ შემწეობას მიიღებენ, რაც, დეპუტატის აზრით,  მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს.

„სანამ, 40 წლამდე მოქალაქე საპენსიო ასაკს მიაღწევს, დაზოგილი თანხა მათ ანგარიშზე საპენსიო სააგენტოში დაგროვდება. ამ თანხის ინვესტირება საპენსიო სააგენტოს მიერ სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში წარიმართება და ყოველწიურად, დამატებით მოგებას მიიღებენ. ის, ვინც საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. მას თანხა არ ჩამოეჭრება და არც სახელმწიფო დაუმატებს ხელფასის 2%-ს. ძველი პენსია რჩება ყველასთვის. დღევანდელი სისტემით, საბაზისო პენსია რაც არ უნდა გაიზარდოს, ძალიან ბევრი წელი დასჭირდება, რომ 500-600 ლარამდე გაიზარდოს”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

 

კანონის თანახმად, კერძო საპენსიო სისტემა დაეფუძნება “განსაზღვრული შენატანების” პრინციპს. საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%. საპენსიო ანგარიში გაიზრდება შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ კონტრიბუციის კოეფიციენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი დაგროვების შემთხვევაში. ამრიგად, წახალისდება 6%-ის ზევით, დამატებითი, ნებაყოფლობითი შენატანი.

საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ვისაც 40 წელი კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა – ნებაყოფლობითი.

შორენა პაპაშვილი

 

მსგავსი თემები