“დავინახე თითების მონაკვეთი და დანის პირი” – მოწმე ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე  

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 7 თვის წინ მომხდარი მკვლელობის თვითმხილველის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოისმინეს, სადაც ის დეტალურად ყვება ლევან დადუნაშვილის დაჭრის შესახებ.

​როგორც დიანა ბოლოთაშვილი აცხადებს, მან დაინახა დანა, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, N51 -ე სკოლის მოსწავლე, ლევან დადუნაშვილს. დაინახა ასევე, დანის დარტყმის შემდგომი ეპიზოდი და, როგორ მოისინჯა ჭრილობა თავად ლევანმა, როცა მიხვდა, რომ რაღაც დაემართა.

“დავინახე თითების მონაკვეთი და დანის პირი. როგორ გამოაძრო დანა ლევან დადუნაშვილს, ვერცხლისფერი აპრიალდა. ჩემი მზერა გაშტერდა ამ დანაზე და ზემოთ არ ამიხედავს. მახსოვს, რომ ვუყურებდი ლევანს რა დაემართა. ლევანმა თავი დახარა, აიწია მაისური და სისხლი სდიოდა. ეს მომენტი დავინახე. მივხვდი რომ დაჭრილი იყო. შევბრუნდი სახლში რომ გამოვქცეულიყავი და დამერეკა 112-ში “, – აცხადებს თვითმხილველი.

მისივე ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ეზოს „არკაში“ დაახლოებით 10-15 ბიჭი მაინც ჩხუბობდა, რომლებიც  გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს. “ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მუშტი-კრივი,  ბოლოს როდესაც ცივი იარაღის ნაწილი დავინახე, მივხვდი რომ აქ უკვე დანა ფიგურირებდა”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები დიანა ბოლოთაშვილი.

თვითმხილველი საუბრობს ასევე წითელ ავტომობილზე, რომელიც ჩხუბის მომენტში გადის ეზოდან, როცა უკვე ორივე მოზარდი დაჭრილია და მათ დახმარება ესაჭიროებათ.
მისი ინფორმაციით, ჩხუბის დროს სადარბაზოდან გავიდა საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, არსად არ მიუხედავს, ჩაჯდა ავტომობილში, დაქოქა, დაძრა და ბიჭებს დაუძახა გაეტარებინათ. ​დიანა ბოლოთაშვილის ვარაუდით, ბიჭების ის ჯგუფიც იმ მომენტში გავიდა ეზოდან.

“ფაქტია, მანქანამ რომ გაიარა წინ გაყვნენ ეს ბიჭები, ალბათ. მე ლევანის საძებნად გამოვიქეცი. შევედი არკაში და სულ სხვა აღნაგობის ბიჭი იყო მიწაზე განრთხმული. ლევანი არ დამხვდა, გავედი და უკვე სადარბაზოსთან იყო ჩაკეცილი და ხალხი ეხვია თავს. არკაში რომ შევედი, აღარც მანქანა იყო და აღარც ბიჭები. პირველივე დღეს დაწვრილებით მოვყევი რაც დავინახე, იგივე ვთქვი სასამართლოზე და კომისიაზეც. ახალი არც კითხვები ყოფილა კომისიაზე და არც გარემოება. ძალიან მცირე დროში მოხდა ეს ყველაფერი, წუთნახევარში. ადამიანები მოვიდნენ შეგნებულად რომ დაეჭრათ ერთმანეთი. ყველაზე ახლოს ამ ბავშვებთან იყო ამ წითელი მანქანის მძღოლი, რომელსაც შეეძლო რაღაც რეაგირება მოეხდინა და ეს არ გააკეთა,“ – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველმა დიანა ბოლოთაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 15, 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

თვითმხილველს არ დაუნახავს ფარდულის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები, სადაც კიდევ ერთ მოზარდს, დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა დანით. დიანა ბოლოთაშვილის თვალთახედვის არეში მოქცეული იყო “არკაში” მიმდინარე მოვლენები და ბოლო ეპიზოდი – ლევან დადუნაშვილის დაჭრის მომენტი.

მსგავსი თემები