დავით ჭიჭინაძის 5 კითხვა მინისტრ თურნავას

პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული. კომიტეტის წევრი დავით ჭიჭინაძე კი მას 5 კითხვით მიმართავს და ადეკვატურ პასუხებს ითხოვს.

კითხვა 1: ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ სახელმწიფოს ქმედებით ან უმოქმედობით შეეზღუდება კონკურენცია და ისეთმა კომპანიამ, როგორიცაა APM, საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა ჩვენ ქვეყანას?

კითხვა 2: ეკონომიკის სამინისტროში ფოთის პორტის მიერ შეტანილ განცხადებაზე მშენებლობის ნებართვის შესახებ პროცედურულად შეიძლება იყოს ასეთი პასუხები: ხარვეზი, თანხმობა, განუხილველი; ჩვენ გვაქვს პასუხი თანხმობა და შემდეგ თანხმობის გაუქმება, გთხოვთ გვიპასუხოთ რა არის ამ განცხადების დღევანდელი სტატუსი?

კითხვა 3: როგორც ეკონომიკის მინისტრი და ეკონომისტი, თვლით თუ არა, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტის და კონკურენციის არსებობა ხელს შეუშლის რომელიმე პორტის ფუნქციონირებას , ან ორივეს ფუნქციონირებას?

კითხვა 4: დღევანდელი მონაცემებით, იზრდება როგორც მშრალი ტვირთების, ისე კონტეინერების გადაზიდვა. მოსალოდნელია უფრო მომატებაც. ფოთის პორტი სპეციალიზირდება ნაყარ ტვირთებზე, ანაკლიის პორტი საწყის ეტაპზე საკონტეინერო გადაზიდვებზე; ასეთ პირობებში, ფოთის პორტი გაზრდილ ტვირთბრუნვას მომზადებული როგორ შეხვდება, თუ სახელმწიფო არ იძლევა ტვირთბრუნვის ნებართვას?

კითხვა 5: იმ შემთხვევაში, როცა ანაკლიის კონსორციუმი მოითხოვს სახელმწიფოს მონაწილეობას ( თანადაფინანსებას, სახელმწიფო გარანტიებს) ხოლო APM პროექტის განხორციელებას გეგმავს საკუთარი და სხვა კერძო ინვესტიციებით, სახელმწიფომ რა როლი უნდა შეასრულოს?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პარლამენტში სტუმრობის საკითხებია: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა; ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა; პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება.

მსგავსი თემები