დავით უსუფაშვილი:„ვითანამშრომლებ და მოვუსმენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გასადევნია“

„ვითანამშრომლებ და მოვუსმენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გასადევნია“ – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მოძრაობის „დაიცავი საქართველო” შეკრებაზე დასწრების მიზეზის განმარტებისას განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, მან მოწვევა დავით მაღრაძისგან მიიღო და ფილარმონიაში სწორედ ამიტომ მივიდა.

„დავით მაღრაძემ შემომთავაზა მოსვლა. მოვედი და მოვუსმენ. ასევე, ვუსმენ ყველას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება“ შესაცვლელია არჩევნების გზით, არა ნაციონალური რევანშით ან რუსული ზღაპრებით. არ მოვსულვარ არაფერში გასაერთიანებლად, მოვედი მოსასმენად”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, გროვდება ხელმოწერები პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

„20-ზე მეტი პოლიტიკური ძალა ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. იქ არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ნატოს კურსში ეჭვის შემპარველი ხალხიც და ბევრი სხვა, მაგრამ გვაერთიანებს ის, რომ პროპორციულ არჩევნებს ვითხოვთ ყველა. თუ ამ პოლიტიკურ პროცესს შემოუერთდება ახალი სუბიექტი, ის თავად განსაზღვრავს თავის პოზიციონირებას და ადგილს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი თემები