“დავით დვალი თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს” – ირაკლი ოქრუაშვილი

“დავით დვალს მილიონ ორასი ათასი დოლარი გადავუხადე, თუ თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს”, – ​​განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა. 

„დვალი როდესაც გახდება გენერალური აუდიტორი ან გენერალური პროკურორი, მაშინ შეუძლია, კითხვები დასვას – მისი საქმე არ არის, მე საიდან მქონდა ფული. ვინ გითხრათ, რომ სახელმწიფო მოხელე ვიყავი მაგ პერიოდში. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადახდილი თანხა, 2006 წლის ჩათვლით, 2010 წლის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიყავი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტი. ასე რომ, ამ საკითხზე შემიძლია არ გიპასუხოთ. ვცხოვრობდი ქვეყნის გარეთ და იქ ვავსებდი დეკლარაციას.

დაკითხვაზე ნამყოფი ვარ პროკურატურაში და მიცემული მაქვს ჩვენება, რომ დავით დვალს გადავუხადე მილიონ ორასი ათასი დოლარი. თუ ის თვლის, რომ წილები წაართვეს, კეთილი ინებოს და თანხა დამიბრუნოს უკან, ის ერთი ჩვეულებრივი თაღლითი გამოდის მისი ლოგიკიდან გამომდინარე. თუ წაართვეს, მაშინ ფული რაში აიღო? ორი მილიონი დოლარი აქვს აღებული. პროკურატურისთვის ჩვენება მიცემული მაქვს და არაფერი დამატებითი დასაკითხი მანდ არ არის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა იმ ვალზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს აქვს მისთვის დასაბრუნებელი.

ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საკითხზე ხანდაზმულობა გუშინწინ დადგა და ამის გამო, შეიტანა მან სარჩელი.

„პაატა სალია რას ამბობს და ვინ არის, საერთოს არ მაინტერესებს. საქალაქო სასამართლოში სამი წელია, დავა მიმდინარეობს ამ საქმეზე და როგორ არ მიიღო. ფინანსურ ნაწილზე მიმდინარეობს დავა, რვა თვის წინ დაინიშნა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში. ორიგინალი წარვადგინე, რომ ხელმოწერის ექსპერტიზა მომხდარიყო, რვა თვის განმავლობაში ხალვაში არ ცხადდება, რომ დატოვოს ნიმუშები შესადარებლად, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მან მშვენივრად იცის, ეს მისი ხელმოწერაა. ესაა ფინანსური დავა და ხანდაზმულობა დაუდგა 2016 წელს, „რუსთავი 2“-ის საკითხზე ხანდაზმულობა გუშინწინ დადგა და ამის გამო შევიტანე სარჩელი“, – აცხადებს ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები