„დავით გარეჯის საკითხს წერტილი ორმხრივმა კომისიამ უნდა დაისვას“ – გიორგი ანდრიაძე


საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, დაუყოვნებლივ, ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც გიორგი ანდრიაძემ „მედიცენტრ მთავარში” აღნიშნა, კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: აზერბაიჯანის ხელისუფლება და მათივე სასულიერო პირები და საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობით. გარდა ამისა, მისივე ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაუსაბუთებენ და გააგებინებენ, რომ დავით გარეჯი არის ქართული კულტურის ძეგლი და არა ალბანური.

“საჭიროა, დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ როგორც სახელმწიფოების – აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე, ქრისტიანული და აზერიჯანელთა სასულიერო პირები. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა გაირკვეს, თუ ვისია დავით გარეჯი. ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, თუ რატომ კეტავს აზერბაიჯანელების მხარე ამ ტერიტორიას პერმანენტურად“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

გიორგი ანდრიაძეს განცხადებით, დავით გარეჯის მონასტერი, მოქმედი და არამოქმედი ტაძარი, 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას, როგორც ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა დაუსაბუთონ, რომ ეს ძეგლი ქრისტიანულია.

„წიგნებში ოფიციალურად წერია, რომ ჰერეთი ალბანეთის ნაწილია და აზერბაიჯანი თავს მის მემკვიდრედ თვლის. იგივე, მაგალითად, აზერბაიჯანში არის უძველესი ქართული საეპისკოპოსო ტაძარი – გიშის კათედრალი , რომელიც აზერბაიჯანულ ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს ალბანურ ძეგლად. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი სწორედ გიშში ჩაჰყავს და მას სტუმრებს ისე აცნობენ, როგორც ალბანურ ძეგლს. იგივე დამოკიდებულებაა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებითაც. ამიტომ, უნდა შეიქმნას კომისია. არდა ამისა, ჩვენ ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც დიპლომატიური კორპუსი იქნება წარმოდგენილი. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები მათ დაუსაბუთებენ და გააგებინებენ, რომ ეს არის ქართული კულტურული ძეგლი და არა ალბანური“, – აღნიშნა ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები