„დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ “ – ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს. ის ყოფილ თანაგუნდელებსაც მიმართავს, რომ წყენა და გაბრაზება დაივიწყონ, გვერდზე გადადონ ყველაფერი და გერთიანდნენ.

„ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის, ხოლო 1%-იანი სხვაობა არჩევნებში შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს. თუ იქნება მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება მისი მიმართვის მეორე ნაწილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნები სწრაფად უნდა დამტავრდეს, რომ ქვეყანა აღმშენებლობას შეუდგეს: „დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ. ვთხოვ კიდევ ერთხელ მაქსიმალურ მობილიზებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. მივმართავ ასევე ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავრობთ არჩევნები და სწრაფად შევუდგეთ აღმშენებლობას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები