“გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ” – მამუკა მდინარაძე

“მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ, ეს ახალი არაა. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საჭიროა და პირობა უნდა შესრულდეს. მისი თქმით, გუნდში დემოკრატიაა და განსხვავებული აზრის მისაღებია.

„ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და არა მხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მით უმეტეს იმ კოლეგების, რომელთაც ყოველთვის გააჩნდათ საპირისპირო აზრი. დღეს მათ მოიტანეს მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ის ასე ჟღერს – რატომ მივდივართ კომპრომისზე იმ ძალასთან, რომელიც პატრიარქის მორალურ მკვლელობას გეგმავს? ეს გასაგებია, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო. 

მსგავსი თემები