გუნდურობის პრინციპის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას გუნდის დატოვება მოუწევს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას ფრაქციიდან გარიცხვასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ გუნდურობის პრინციპი დაირღვევა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ბესელიას შემთხვევაში გუნდურობის პრინციპი არაერთხელ დაირღვა.

„ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა, არც ერთხელ დამდგარა მათი სანქცირების თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი. შეიძლება ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გუნდურობის პრინციპი არაერთგზის დაირღვა. ჩვენ არ ვჩქარობთ, შევხედავთ, ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები. დიდი იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. სამწუხაროდ, კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში არაერთი ტყუილი მოვისმინე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა მოსამართლეების თემას არ უკავშირდება.

„ობიექტური სინამდვილე იმაში მგდომარეობს, რომ საკითხი არანაირად არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას და მოსამართლეების არჩევას. გადაწყვეტილება, ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის შესახებ, სულ სხვა საკითხებს უკავშირდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მსგავსი თემები