გუდაურში კომპანია “დოპელმაიერის” საბაგიროების განახლება მიმდინარეობს

გუდაურში, 30 წლის წინათ აშენებულ საბაგირო გზას, ახალი, ექვსადგილიანი, ჩახსნადი სავარძლებით აღჭურვილი, ახალი საბაგირო ჩაანაცვლებს, რომლის გამტარობა გაცილებით მაღალი იქნება. ახალი საბაგირო 2,2 მ/წმ -ის ნაცვლად, 6 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებს და 1000 ადამიანით მეტს გადაიყვანს.

მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტოებს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრი, ირაკლი ჟოჟუაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

პირველი საბაგირო გზა გუდაურში 1986 წელს აშენდა, რამაც კურორტის შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი. კურორტზე ჭარბობს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანია “დოპელმაიერის” საბაგიროები. ქვედა საბაგირო ზღვის დონიდან 1993 მეტრზე, ზედა საბაგირო კი – 3276 მეტრზე მდებარეობს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი 7 კილომეტრია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” წევრმა, ირაკლი ჟოჟუაშვილმა განუცხადა, კომპანია “დოპელმაიერის” საბაგირო გზა “პირველის” დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელსაც წლის ბოლომდე კვლავაც “დოპელმაიერის” ახალი წრიული გზა ჩაანაცვლებს.  ძველი საბაგირო იყო ჩაუხსნადი ტიპის, სამადგილიანი სავარძლებით. მოძრაობდა 2,2 მ/წმ სიჩქარით და საათში ერთი მიმართულებით 1800 ადამიანის გატარება შეეძლო. ახალი საბაგირო 6 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებს და 2800 ადამიანის გადაყვანას შეძლებს ერთ საათში ერთი მიმართლებით.

” წელსვე იგეგმება “დოპელმაიერის” 1986 წლის საბაგიროს დემონტაჟი, 4-ადგილიანი ჩაუხსნად სავარძლიანი “სოლიკო” ამ გზას კვლავაც “დოპელმაიერის” ახალი, 6-ადგილიანი ჩახსნად სავარძლიანი გზა ჩაანაცვლებს. ახალს, პირველისგან განსხვავებით, სავარძლებზე ბაბლიც ექნება (გადმოსაწევი დამცავი). ისიც 6 მ/წმ სიჩქარით იმოძრავებს და მისი გამტარობაც ბევრად მეტი იქნება – 2800 კაცი საათში.

ასევე, განხორციელდება “დოპელმაიერის” საბაგიროს 3-ადგილიანი ჩაუხსნად სავარძლიანი “კუდების” რეკონსტრუქცია – დამოკლება და მის მახლობლად ახალი, 6-ადგილიანი ჩახსნად სავარძლიანი გზის მშენებლობა, ახალი გზის გამტარობა 2200 კაცი იქნება საათში. ამ ახალ გზასაც სავარძლებზე ბაბლი ექნება.

ამ ცვლილებების შემდეგ გუდაურში მხოლოდ ერთი ძველი 1986 წლის დოპელმაირის საბაგირო დარჩება ექსპლოატაციაში “სნოუპარკი” რომელიც ასევე 3 ადგილიანი ჩაუხსნადი სავარძლებით არის აღჭურვილი. წესით მომავალ წელს ისიც ჩანაცვლდება”, – წერს ირაკლი ჟოჟუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



მსგავსი თემები