გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს მსოფლიოში გრიპის ვაქცინის მიწოდებამ ერთი თვით გადაიწია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებს ზამთარში. ამის გამო კი ვაქცინის მწარმოებლებმა ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება დააგვიანეს. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს, 2018 წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა იყიდა, რომლითაც 100 000 ადამიანის აცრაა შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, აცრა უფასო იქნება. 

„29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე. ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდან მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სხვა კატეგორიას, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მათ შეუძლიათ, აცრები კომერციულ კლინიკებში განახორციელონ.

პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს და ურჩევს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობისთვის, უმჯობესია, დეკემბრამდე აიცრან.

“ნოემბრის ბოლოდან ველით, რომ გრიპი თავს იჩენს. ამიტომ, თვის ბოლოს დაიწყება გრიპის სახელმწიფო პროგრამით აცრები. ეს ადამიანები უფასოდ აცრებიან სახელმწიფო პროგრამით. დანარჩენ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს, შესაძლებელია, სხვადასხვა პოლიკლინიკაში აიცრან. გრიპის აცრა მაშინაა ეფექტური, როცა ოქტომბერ-ნოემბერში იკეთებ. იმიტომ, რომ საქართველოში გრიპის მატება ძირითადად დეკემბერშია. ადამიანი ვინც აიცრება, შემდეგ სეზონამდე დაცულია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები

One Thought to “გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება”

  1. Great, thanks for sharing this post.Much thanks again. Great.