“გპირდებით, კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ თქვენზე” – მიხეილ ბატიაშვილი

“გპირდებით, კიდევ უფრო მეტს ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მასწავლებლებისადმი მიმართვისას მთაწმინდის პარკში განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი, პედაგოგებისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო..

„თითოეულ პედაგოგს გილოცავთ დღევანდელ დღეს! წლევანდელი წელი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. წელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენი უმაღლესი განათლება დ მეცნიერება ევროპული სისტემის ნაწილი გახდა, რაც ნიშნავს, რომ პირველი იანვრიდან ყველა ქართველ მეცნიერს, რამდენიმე მილიონიანი ევროს ბიუჯეტზე ექნება წვდომა. გარდა ამისა, ევროპულ სივრცეში უკვე გაწევრიანდა ხუთი ქართული უნივერსიტეტი, მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რაც ასევე დიდი მიღწევაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია. რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის 6000-ზე მეტმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო ორი წლის ჯამური ხელფასის სახით. გაიზარდა პედაგოგთა ანაზღაურება, რაც მომავალ წელსაც გაგრძელდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სკოლების კარი გაიხსნა ახალი მასწავლებლებისთვის. დაგპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა პედაგოგის პროფესია ყოფილიყო დაფასებული და დანაპირებს ვასრულებთ. კიდევ უფრო მეტად ვიმუშავებთ, ვიზრუნებთ თქვენზე, რადგან მასწავლებლის გარეშე ხარისხიანი განათლება წარმოუდგენელია“ – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ავტორებსა და პარტნიორებს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაში.

მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მთაწმინდის პარკში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, სადაც ხუთი ფინალისტიდან გამარჯვებული მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, რომელიც ხუთ ფინალისტს შორის გამოვლინდა ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

მსგავსი თემები